Covid-19-ის სამკურნალო მედიკამენტმა მოლნუპირავირმა, რომელიც ტაბლეტების სახით მზადდება, ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების რისკი 50%-ით შეამცირა. ინფორმაციას, რომელიც ბოლო ეტაპის კვლევების შუალედურ ანალიზს ეფუძნება, „ბლუმბერგი“ აქვეყნებს და წერს, რომ კვლევების შედეგებმა შესაძლოა ვირუსთან ბრძოლას კიდევ ერთი მძლავრი ინსტრუმენტი შესძინოს.
კვლევებს ბიოფარმაცევტული კომპანია Merck-ი ატარებს. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა რობ დევისმა განაცხადა, რომ იგეგმება, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ამდინისტრაციისგან (FDA) და ასევე სხვა ქვეყნებისგან რაც მოკლე ვადებში მოითხოვონ ნებართვა მედიკამენტის საგანგებო სიტუაციებში გამოყენებაზე.
„ჩვენ ძალიან კმაყოფილნი ვართ შედეგებით. თქვენ არ გჭირდებათ საავადმყოფოში ან ცენტრში წასვლა ინფუზიისთვის. ესაა აბი, რომლის მიღებაც სახლში შეგიძლიათ,“ – განაცხადა რობ დევისმა.
მისივე თქმით, მოლნუპირავირი განკუთვნილია არაჰოსპიტალიზებული კოვიდ-პაციენტებისთვის, რომლებსაც სიმპტომები ხუთი ან უფრო ნაკლები დღის წინ გამოუვლინდათ და რომლებიც დამძიმების რისკის ქვეშ არიან.
მანამდე ვარაუდობდნენ, რომ კლინიკური კვლევები ნოემბერში დასრულდებოდა. კვლევების შეწყვეტის გადაწყვეტილება დამოუკიდებელი კომიტეტისა და FDA-ს ერთობლივი რეკომენდაციის საფუძველზე იქნა მიღებული.
ამავე დროს, რობ დევისის თქმით, პრეპარატები, რომლებიც მონოკლონური ანტისხეულების სახელითაა ცნობილი, უფრო მძიმე ინფექციების სამკურნალოდაა განკუთვნილი, მათი ორგანიზმში შეყვანა რთულია და ამასთანავე, მათზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა ბოლო პერიოდში, დელტა ვარიანტის გავრცელების გამო.
მოლნუპირავირი კი ექიმებს მისცემს პაციენტების უფრო მარტივი მეთოდით მკურნალობის საშუალებას, რათა კლინიკები არ გადაიტვირთოს.
„დელტას“ გავრცელებამ ჯანდაცვის სისტემები გადატვირთა, განსაკუთრებით კი იქ, სადაც ვაქცინაციის ტემპები საშუალოზე დაბალია.
კვლევებმა აჩვენა, რომ არცერთი პაციენტი, რომელმაც მოლნუპირავირი მიიღო, არ გარდაცვლილა, პლაცებოს ჯგუფში კი 14 ინფიცირებული დაიღუპა.
კვლევების იმედისმომცემი დასკვნები 775 პაციენტზე დაკვირვების შედეგია, რომლებიც კლინიკურ კვლევებში სულ მცირე აგვისტოდან მონაწილეობენ.
Merck-ის ინფორმაციით, წლის ბოლოსთვის კომპანია აპირებს 10 მილიონი სამკურნალო კურსის ჩატარებას, რაც 2022 წლისთვის უნდა გაიზარდოს.
მანამდე, მიმდინარე კვირაშივე, კომპანია Merck-მა უფრო ადრეული კვლევების შედეგები წარმოადგინა, რომელთა თანახმადაც, მოლნუპირავირი, როგოც ჩანს, ახშობს კორონავირუსის რამდენიმე სახეობის აქტივობას, მათ შორის მაღალი გავრცელებით გამოწვეული დელტა-შტამისას.