ამერიკის შეერთებული შტაბების ხელისუფლებამ ჩინეთის მთავრობას თანამედროვე კოვიდსაწინააღმდეგო მ-რნმ-ვაქცინების მიწოდება შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის მონაცემებით, აღნიშნული შეთავაზება ჩინეთის ხელისუფლებამ მაღალი რაგნის ამერიკელი დიპლომატებისგან მიიღო. მათ შორის არიან სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დენიელ კდიტენბრინკი და ლაურა როზენბერგერი, რომელიც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში ჩინეთთან ურთიერთობის საკითხებს კურირებს. ბოლო პერიოდში ამერიკის ხელისუფლება ძალიანაა შეშფოთებული ჩინეთში კორონავირუსის გავრცელებით და ახალი შტამის გამოჩენით. ამიტომ მათ ჩინეთს არაერთი შეთავაზება გაუკეთეს, თუმცა ყოველ ჯერზე უარი მიიღეს. კომუნიკაცია გრძელდება, თუმცა, როგორც Bloomberg-სთვის გახდა ცნობილი, ჩინეთის მაღალჩინოსნები ამტკიცებენ, რომ სიტუაციას აკონტროლებენ და დახმარებას არ საჭიროებენ.
ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოში განაცხადეს, რომ ჩინეთში შექმნილი ვაქცინები მაღალეფექტიანია, მათი წარმოება კი უზრუნველყოფს არა მხოლოდ ქვეყნის საჭიროებას, არამედ ექსპორტის შესაძლებლობასაც ქმნის.
რაც შეეხება ჩინეთის პოზიციას, არ დათანხმდეს აშშ-დან ვაქცინების მიღებას, როგორც Bloomberg-ი აღნიშნავს, სხვადასხვა კრიზისის დროს პეკინს არასდროს გამოუჩენია ენთუზიაზმი უცხოური დახმარების მიღებაში. ამჟამინდელ სიტუაციაში კი დახმარების შეთავაზებაზე დათანხმება იქნებოდა იმის დემონსტრირება, რომ ჩინეთს დამოუკიდებლად არ შეუძლია ეფექტიანი მ-რნმ-ვაქცინის შექმნა.
„კოვიდ 19-ის კატასტროფული აფეთქების პირობებშიც კი პეკინი აგრძელებს ვაქცინური ნაციონალიზმის დემონსტრირებას – ეჭვგარეშეა, ეს გადაწყვეტილება ადამიანების დაღუპვას გამოიწვევს“ – განაცხადა საერთაშორისო და სტრატეგიული კვლებენის ცენტრის ჩინეთის საკითხების სპეციალისტმა ჯუდ ბლანშეტმა.