მთავარი » ჯანდაცვა » კოტე მაისაია: ჰოსპიტალების განვითარების პროექტის დაწყებას მოუთმენლად ველოდებით
რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი, გასტროენტეროლოგი კოტე მაისაია ჯანდაცვის სამინისტროსა და საპარტნიორო ფონდის მიერ გათვალისწინებულ ცვლილებებს გამოეხმაურა.

კოტე მაისაია: ჰოსპიტალების განვითარების პროექტის დაწყებას მოუთმენლად ველოდებით

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი, გასტროენტეროლოგი კოტე მაისაია ჯანდაცვის სამინისტროსა და საპარტნიორო ფონდის მიერ კლინიკაში გათვალისწინებულ ცვლილებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ  რაც იგეგმებადა ხორციელდება მისი წინააღმდეგი არავინ არის, პირიქით აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიესალმება.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სამ მსხვილ საავადმყოფოს, კერძოდ, ონკოლოგიური, რესპუბლიკური და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოების რეკონსტრუქცია განხორციელდება. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ჰოსპიტალური სექტორის განვითარებისთვის 0.5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

„ცვლილებები, რომელიც იგეგმება, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღჭურვა და რეორგანიზაცია, ძალიან წარმატებული იქნება და არავინაა ამის წინააღმდეგი. თუ შენობაც გარემონტდება და მაღალი ტექნოლოგიები დაინერგება, ბუნებრივია, ეს იქნება ძალიან კარგი“, – განაცხადა კოტე მაისაიამ.

მან ისაუბრა იმ სავარაუდო მიზეზებზეც, რის გამოც საქართველოდან ყოველწლიურად უამრავი ადამიანი მიდის საზღვარგარეთ სამკურნალოდ. მაისაიას აზრით, ამის მიზეზი უმთავრესად პაციენტების  უნდობლობაა:

„უნდა აღინიშნოს, რომ მაღალი ტექნოლოგიები ჩვენთანაც არის და პაციენტების საზღვარგარეთ გადინების მიზეზად უფრო უნდობლობა მიმაჩნია. ბევრი რამ ჩვენთანაც კეთდება, მაგრამ მაინც სხვა ქვეყანაში გზავნიან ექიმები მონაცემებს და მათი პასუხები აინტერესებთ. აუცილებელია, ექიმები ღებულობდნენ მაღალ ხელფასს, რათა არ ჰქონდეთ დაინტერესება, სხვაგან გააგზავნონ ანალიზები. შეიძლება, სხვა ქვეყნის კლინიკებთან ხელშეკრულებებიც კი აქვთ დადებული და  ხელფასებსაც კი ურიცხავენ.

ვერ გეტყვით დანამდვილებით, მაგრამ გამოცდილებით ვიცი, რომ  უცხოეთში წასული პაციენტები ბოლო თეთრებს იქ ტოვებენ. ეს ჩემი მოსაზრებაა, თუმცა შეიძლება ბევრი არ მეთანხმებოდეს. მე უცხოეთში მკურნალობის წინააღმდეგი ნამდვილად არა ვარ. თუ მომსახურება აქ ხელმისაწვდომი არ არის, რასაკვირველია, უნდა წავიდნენ სამკურნალოდ საზღვარგარეთ. მაგრამ რაც ადგილობრივად შესაძლებელია და საქართველოშიც ხელმისაწვდომია, ავადმყოფი არ უნდა გაიგზავნოს სხვა ქვეყანაში. თუმცა თუ ტოტალურად კვალიფიკაციის დეფიციტია, მაშინ ეს უნდა ვაღიაროთ და გადამზადდნენ ექიმები, რაც ამ პროექტის ფარგლებში იგეგმება კიდეც“.

მედიკოსს დიდი მოლოდინი აქვს, რომ დაგეგმილი ცვლილებები ბევრ რამეს შეცვლის და დაარეგულირებს:

„რესპუბლიკურ საავადმყოფოში ნამდვილად არ არის განსაკუთრებული გარემო შექმნილი, მაგრამ პაციენტები მაინც მოდიან. გაჭირვებული ადამიანი მაინცდამაინც ვიზუალს არ აქცევს ყურადღებას, ხოლო როდესაც ამის მოთხოვნილება გაუჩნდება, მისი მსყიდველობითი უნარიც მაღალი იქნება. ჩვენთან მომსახურების უმეტესობას სახელმწიფო აფინანსებს და აქედან გამომდინარე, ავადმყოფსაც პრეტენზია არ გააჩნია. ეს, ერთი მხრივ, კარგია, თუმცა მაინც დროებითია, ვიდრე აღნიშნული პროექტი განხორციელდება.

საბოლოო ჯამში, ამ პროექტის დაწყებას მოუთმენლად ველოდებით. უბრალოდ, თუ ექიმთა გადამზადება მოხდება და ისინი კვალიფიკაციას აიმაღლებენ, გამოცდებს ჩააბარებენ, მაშინ ასეთი დაბალი ხელფასები აღარ უნდა ჰქონდეთ. ეს საკითხი ძალიან მწვავედ დგას და შეიძლება ითქვას, ამის გადაჭრა სახელმწიფო დონეზეც კი უნდა მოხდეს“.

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …