კორონავირუსის უფრო გადამდები ვარიანტი, რომელმაც ინდოეთში Covid-19-ის კატასტროფული ეპიდემია გამოიწვია, მსოფლიოს 44 ქვეყანაშია დაფიქსირებული. ინდოეთი ყოველდღიურად ინფიცირებისა და გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებლების შესახებ აცხადებს. Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ ინდოეთში მომუშავე კომპანიები ფუნქციონირებას წყვეტენ.
კომპანია Feng Tay-მ განაცხადა, რომ ინდური ქარხნების მუშაობას 10 დღით აჩერებს, რათა ამ გზით საკუთარი თანამშრომლები ვირუსისგან დაიცვას. მსგავსი გადაწყვეტილება უკვე მიიღეს Honda-მ და Suzuki-მ.
სამშენებლო კომპანია Godrej Properties-მა უქმეები სამი დღით გაახანგრძლივა, რათა თანამშრომლებს მისცეს დრო „გამოჯანმრთელებისთვის“, უძრავი ქონების კომპანია The Lodha Group-მა კი მიიღო გადაწყვეტილება, კორონავირუსით გარდაცვლილი ყველა თანამშრომლის ოჯახებს დაღუპულის ხელფასი 12 თვის განმავლობაში გადაუხადოს.
ინდოეთთან დაკავშირებით პოზიტიური მონაცემებიც ვრცელდება – კემბრიჯის ბიზნესის სკოლის მკვლევარების მიერ გამოქვეყნებულ ნაშრომში მოცემულია ვარაუდი, რომ ქვეყანაში ინფექციის ახალი შემთხვევების რაოდენობამ უკვე პიკს მიაღწია. თუმცა ცალკეულ შტატებში სტატისტიკა გაიზრდება. ქვეყანაში ზედიზედ 20 დღეა, ინფიცირებულთა დღიური რაოდენობა 300 ათასს აჭარბებს და ჯანდაცვის სისტემები უკიდურესად გადატვირთულია.