მისურის შტატის სასამართლომ კომპანიას Johnson&Johnson 55 მილიონი დოლარის გადახდა დაავალა ქალბატონისთვის, რომელსაც მისივე განცხადებით, კომპანიის მიერ წარმოებული ჰიგიენური საშუალებების გამოყენების შედეგად საკვერცხეების სიმსივნე დაემართა.
Reuters-ის ინფორმაციით, სამკვირიანი სასამართლო გარჩევის შემდეგ, ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილება გლორია რისტესანდის სასარგებლოდ მიიღეს.
ის მატერიალური ზარალისთვის 5 მილიონ დოლარს, ხოლო მორალური ზიანისთვის 50 მილიონს მიიღებს.
მომჩივანის განცხადებით, ის ბოლო ათწლეულების განმავლობაში რეგულარულად იყენებდა კომპანიის პროდუქციას Baby Powder და Shower to Shower Powder ინტიმური ჰიგიენისთვის. ქალს საკვერცხეების სიმსივნე დაუდგინეს, რის შემდეგაც საშვილოსნო ამოაჭრეს.
Johnson&Johnson პრესმდივნის კეროლ გუდრიჩის განცხადებით, გადაწყვეტილება ეწინააღმდგება 30-წლიანი კვლევებს, რომელიც კომპანიის პროდუქციის უსაფრთხოობას ადასტურებს. კომპანია გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
ეს უკვე მეორე მსგავსი სასამართლო პროცესია კომპანიისთვის. თებერვალში Johnson & Johnson-მა 72 მილიონი დოლარი გადაუხადა ქალის ოჯახს, რომელიც წლების განმავლობაში ინტიმურ ჰიგიენურ საშუალებად კომპანიის პუდრას იყენებდა.
საერთო ჯამში კომპანიის წინააღმდეგ 1200 სარჩელია შეტანილი.