უკრაინაში რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში 106 ექიმი დაიღუპა, მათგან 33 – სამუშაო ადგილზე.
უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის ვიქტორ ლიაშკოს განცხადებით, ამ მონაცემში არ შედის ინფორმაცია მობილიზებული მედიკოსების შესახებ. მისივე თქმით, ომის პერიოდში დაზიანდა სამედიცინო ინფრასტრუქტურის 1106 ობიექტი.
„მათ დაზიანების სხვადასხვა ხარისხი აქვთ – დამტვრეული ფანჯრებით დაწყებული, სრულად განადგურებული კედლებით დამთავრებული. სამწუხაროდ, 174 ობიექტი აღდგენას არ ექვემდებარება და ისინი ხელახლა უნდა აშენდეს,“ – განაცხადა მინისტრმა.
მისი ინფორმაციით, ყველაზე მეტად აგრესორის ქმედებებმა დააზარალა სამედიცინო ინფრასტრუქტურა ლუგანსკის, დონეცკის, ხარკოვის, ჩერნიგოვსკისა და კიევის ოლქებში.
„საშინელება ტრიალებს ხერსონის ოლქში, სადაც საავადმყოფოები კვირაში ერთხელ ინგრევა. ერთერთი ბოლო მაგალითია ხერსონის სისხლის ცენტრის განადგურება. გვიწევს პაციენტების მარშრუტებისა და სამედიცინო დახმარების სტრუქტურის შეცვლა,“ – განაცხადა ვიქტორ ლიაშკომ.
ამასთან, ლიაშკოს განცხადებით, აქტიური სამხედრო მოქმედებების მიუხედავად, დანგრეული სამედიცინო დაწესებულებების აღდგენის პროცესი მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტრო კოორდინაციას უწევს 15 დანგრეული ობიექტის აღდგენას. დაფინანსებაში დონორები არიან ჩართულები.
ლიაშკოს თქმით, ამ ეტაპზე განიხილება აღდგენის სტრატეგიები, რაც პირველ რიგში ეხება ფრონტისპირას და დეოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ სამედიცინო დაწესებულებებს.