4 თებერვალს კიბოს საერთაშორისო დღე აღინიშნა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ონკოლოგიური დაავადებებით მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 8,2 მილიონი ადამიანი იღუპება. აღნიშნული მაჩვენებელი 2030 წლისთვის 13 მილიონზე მეტი გახდება.
„კიბო – ეს ის დაავადებაა, რომელიც ყველა ქვეყანას ეხება, თუმცა მასთან გამკლავება განსაკუთრებით უჭირთ მცირე რესურსების მქონე სახელმწიფოებს. ამის ყველაზე კარგი მაგალითია საშვილოსნოს ყელის კიბო. ღარიბ ქვეყნებში 10 ქალიდან რვას საშვილოსნოს ყელის კიბო აქვს. 10 ქალიდან ცხრა ამ დაავადებით კვდება“, – აღნიშნულია გაეროს გენერალური მდივნის განცხადებაში, რომელიც კიბოს საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნდა.
მსოფლიოში ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა 1990 წლიდან თითქმის 40%-ით გაიზარდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, 2014 წელს საქართველოში კიბოთი 6 900 ადამიანი გარდაიცვალა. ქალთა ონკოლოგიური ავადობის სტრუქტურაში პირველ ადგილზე იყო ძუძუს კიბო, მეორეზე კი საშვილოსნოს ყელის კიბო.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2014 წელს მამაკაცთა ონკოლოგიური ავადობის სტრუქტურაში პირველ ადგილზე იყო ფილტვის კიბო, მეორეზე პროსტატის კიბო, ხოლო მომდევნო ადგილებზე კოლორექტალური, კუჭის, ხორხის და შარდის ბუშტის კიბო.
„კიბოთი სიკვდილიანობის შემთხვევების 30%-ის პრევენცია შესაძლებელია დაავადების გამომწვევი რისკ ფაქტორებისთვის თავის არიდებით. ეს განსაკუთრებით თამბაქოს მოხმარებას ეხება“, – აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.