დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ხვალ, კიბოს მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართება სლოგანით – „ჩვენ შეგვიძლია… მე შემიძლია…“
კონფერენციას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და ონკოლოგიური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულების ხელმძღვანელი პირები დაესწრებიან.
კონფერენციაზე კიბოს პოპულაციური რეგისტრის 2015 წლის პირველადი მონაცემების ანალიზი და კიბოს კონტროლის სამოქმედო პროგრამის ფარგლებში, საქართველოში ჩატარებული კიბოს კონტროლისა და საჭიროებების შეფასების მიმოხილვითი მისიის ანგარიში იქნებაწ არმოდგენილი.
ონკოლოგიური დაავადებები მაღალი ავადობითა და სიკვდილიანობით საზოგადოებრივი ჯანდაცვის უდიდეს პრობლემას წარმოადგენს. კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობა 1990 წლიდან თითქმის 40%-ით გაიზარდა და ეს ტენდენცია კვლავ გრძელდება. კიბოს ახალი შემთხვევების ზრდის უმეტეს ნაწილს დაბალ და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში ექნება ადგილი, სადაც ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული გამოვლენა და დროული მკურნალობა კვლავაც პრობლემად რჩება.
საქართველოში 2015 წელს კიბოს პოპულაციური რეგისტრი დაინერგა, რაც საშულებას იძლევა, ონკოლოგიურ დაავადებათა ავადობის თავისებურებების შესახებ შედარებით ზუსტი მონაცემები გამოვლინდეს.
ეროვნული მონაცემების მიხედვით, 2014 წელს ქალთა ონკოლოგიური ავადობის სტრუქტურაში პირველ ადგილზე ძუძუს კიბო (მაჩვენებელი 100 000 ქალზე 52), მეორეზე – საშვილოსნოს ყელის კიბო (მაჩვენებელი 100 000 ქალზე 9), ხოლო მომდევნო ადგილებზე კოლორექტალური, საკვერცხეების, კუჭის და საშვილოსნოს ტანის კიბო იყო.
2014 წელს მამაკაცთა ონკოლოგიური ავადობის სტრუქტურაში პირველ ადგილზე ფილტვის კიბო (მაჩვენებელი 100 000 მამაკაცზე 21.8), მეორეზე – პროსტატის კიბო (მაჩვენებელი 100 000 მამაკაცზე 12.6), ხოლო მომდევნო ადგილებზე კოლორექტალური, კუჭის, ხორხის და შარდის ბუშტის კიბო იყო.
კიბოს მსოფლიო დღე მსოფლიო მასშტაბით მოსახლეობასა თუ მედიაში დაავადების შესახებ ინფორმაციის გავრცელების საუკეთესო საშუალებაა და დაავადების დროულად გამოვლენასთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებულობის შესაძლებლობას იძლევა.