ინდონეზიაში ხველის საწინააღმდეგო სიროფის მიღების შედეგად 99 ბავშვი გარდაიცვალა. ამის გამო ქვეყანაში ყველა თხევადი წამლის გაყიდვა შეწყდა.
როგორც „ბიბისი“ წერს, სიროფზე დამზადებულ ზოგიერთ პრეპარატში აღმოაჩინეს ნივთიერება, რომელიც თირკმლის მწვავე უკმარისობას იწვევს.
ჯერჯერობით არ კონკრეტდება, წამლები იმპორტირებული იყო თუ ადგილობრივი წარმოების.
ქვეყნის ხელისუფლებამ განაცხადა 200-მდე შემთხვევის შესახებ, როცა ბავშვებს თირკმლის მწვავე უკმარისობა განუვითარდათ. მათი უმრავლესობა ხუთ წლამდე ასაკისაა.
მიმდინარე თვეში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა გამოძიების დაწყების შესახებ ინდურ ფარმაკოლოგიურ პრეპარატებთან მიმართებით, რომლებიც, შესაძლოა, 70-მდე ბავშვის გარდაცვალების მიზეზი გახდა გამბიაში.
საუბარია პრომეტაზინის პერორალურ საბავშვო სითხეზე Kofexmalin-ზე, რომელიც ხველის საწინააღმდეგოდ გამოიყენება, ასევე ხველის საწინააღმდეგო მედიკამენტ Makoff-სა და გაციების საწინააღმდეგო სიროფ Magrip N-ზე.
ჯანმოში აცხადებენ, რომ დღეისათვის მწარმოებელს არ წარმოუდგენია აღნიშნული პროდუქტების უსაფრთხოებისა და ხარისხის გარანტიები, მედიკამენტების ლაბორატორიულმა ანალიზმა კი დაადასტურა, რომ ისინი ტოქსიკური ნივთიერებების გადაჭარბებულ დოზებს შეიცავდა. აღნიშნული ნივთიერებები შესაძლოა, ადამინისთვის სასიკვდილო იყოს.
ტოქსიკური ეფექტი შესაძლოა გამოიხატებოდეს ტკივილით მუცლის არეში, ღებინებით, დიარეით, მოშარდვის შეუძლებლობით, თავის ტკივილით, ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილებით და თირკმელების მწვავე დაზიანებით, რამაც შესაძლოა სიკვდილი გამოიწვიოს.
პრეპარატების მწარმოებელი ინდური კომპანია Maiden Pharmaceuticals-ია.
ჯანმოს მიერ ინდოეთის ოფიციალური ორგანოებისგან მიღებული ინფორმაციით, მწარმოებელი დასახელებულ პრეპარატებს მხოლოდ გამბიას აწვდიდა, თუმცა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა,ისინი არაოფიციალური ბაზრების საშუალებით სხვა ქვეყნებსა და რეგიონებშიც იყოს გავრცელებული.
ჯანმოს ხელმძღვანელმა ქვეყნებს სიფრთხილისკენ მოუწოდა და სთხოვა იმუშაონ, რათა გამოავლინონ და ბრუნვიდან ამოიღონ აღნიშნული პრეპარატები.
ამ ფაქტების შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ივლისის ბოლოს გამბიის ჯანდაცვის ორგანოებმა 5 წლამდე ასაკის ბავშვებში თირკმელების სერიოზული დაზიანების შემთხვევების ზრდა დააფიქსირეს. მას შემდეგ ქვეყნის ხელისუფლებამ აკრძალა პარაცეტამოლით დამზადებული ყველა სიროფის გამოყენება და მოსახლეობას მოუწოდა, მათ ნაცვლად აბები მიიღონ.
ეპიდემიოლოგების განცხადებით, გარდაცვალების რეალური მაჩვენებელი შესაძლოა უფრო მეტი იყოს, ვიდრე ოფიციალურად ცხადდება.
„როდესაც მსგავსი შემთხვევები ხდება, ეს აისბერგის წვერია, რაც ნიშნავს იმას, რომ მსხვერპლი შესაძლოა გაცილებით მეტი იყოს,“ – განაცხადა გრიფიტის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგმა დიკი ბუდიმანმა.