სამშობიაროებში ხელოვნური კვების რეკლამირება უახლოეს მომავალში შესაძლოა დასჯადი გახდეს. ამის შესახებ „კომერსანტთან” შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ბერძულმა განაცხადა.
მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ ძუძუთი კვების ხელშეწყობის მიზნით, არსებული სიტუაციის ზუსტი შეფასება, პრობლემების იდენტიფიცირება და სამოქმედო სტრატეგიის დასახვა დაიწყო.
როგორც ბერძული აღნიშნავს, სამინისტრო ახორციელებს სამშობიარო სახლებში მონიტორინგს, რამდენად ხორციელდება ძუძუთი კვების ხელშეწყობა და რამდენად არის დაცული ის კანონი, რომელიც წლების წინ ქვეყანამ მიიღო ძუძუთი კვების პრაქტიკასთან მიმართებაში. გარდა ამისა, რამდენად არიან დაცულები ახალშობილები და დედები ხელოვნური საკვების კომპანიების აგრესიული მარკეტინგული ღონისძიებებისგან.
ბერძული ამბობს, რომ მონიტორინგი რამდენიმე რეგიონში განხორციელედება სელექტიურად შეირჩეულ სამშობიაროებში. ამ დროისთვის დასრულებულია აჭარის რეგიონის კვლევა, რომლის შედეგებიც ჯერჯერბით არ საჯაროვდება. ბერძულის განცხადებით, მთლიანად მონიტორინგის პროცესი 1 თვეში დასრულდება და შესაბამისი დასკვნებიც დაიდება.
„თუ გამოიკვეთა კონკრეტულ დაწესებულებებში დარღვევები, სახელმწიფო მათთან საგანმანათლებლო კამპანიას დაიწყებს, გარდა ამისა, კანონში ჩაიდება აღსრულების მექანიზმები, რაც სანციებში გამოიხატება”-აცხადებს ბერძული. მისივე ინფორმაციით, აქამდე კანონი არსებობდა, თუმცა მასში სანქციები არ იყო ჩადებული.
პედიატრი ვანო ჩხაიძე მიესალმება სახელმწიფოს ამ ინიციატივას და აცხადებს, რომ აღნიშნული მონიტორინგი არ უნდა იყოს ერთჯერადი. გარდა ამისა, როგორც ჩხაიძე ამბობს, ყველა პედიატრი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც მაქსიმალურად არის ამ მხრივ მომდომებული, რომ ყველა მისი პაციენტი პირველივე დღიდან ძუძუთი იკვებებოდეს.
მისი მტკიცებით, არცერთი პედატრი არ უნდა მონაწილოებდეს ხელოვნური საკვების რეკლამაში.
„ყველა პედიატრი უნდა იყოს რეკლამის მიმცემი ძუძუთ კვებაზე და არა პირიქით, ხელოვნური კვების რეკლამირებას ახდენდეს. სახელმწიფოს პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ ძუძუთი კვებას ხელი შეეწყოს”-აცხადებს ჩხაიძე.
მისივე ინფორმაციით, საქართველოს აქვს კანონი ძუძუთი კვების შესახებ, რომელიც 2000 წლის დასაწყისშია მიღებული. ჩხაიძე ამბობს, რომ ეს კანონი ძუძუთი კვების პირდაპირ ხელშეწყობაა, თუმცა, მას მონიტორინგი სჭირდება.
შეგახსენებთ, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი მაია ქურციკიძე გასულ წელს აცხადებდა, რომ საქართველოში ახალშობილთა ბუნებრივი კვების წახალისების კანონი არ ხორციელდება და კომპანიები შეუზღუდავად და კანონდარღვევით ახდენენ ხელოვნური საკვების რეკლამირებასა და რეალიზებას.
რაც შეეხება ბუნებრივი კვების წახალისებას, ქურციკიძე აცხადებდა, რომ ბავშვთა ბუნებრივი კვების მხრივ საქართველოს ცუდი მაჩვენებელი აქვს. კერძოდ, წინა წლებში ჩატარებული კვლევების თანახმად, ახალშობილთა 13% არასდროს ყოფილა ძუძუთი კვებაზე, 6 თვემდე ჩვილებს შორის კი მხოლოდ ნახევარია ექსკლუზიურად, ანუ მხოლოდ ძუძუთი კვებაზე.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მთელ მსოფლიოში 6 თვემდე ბავშვების 40% მხოლოდ ბუნებრივ კვებაზეა. ამ მხრივ ლიდერები არიან ყველაზე განვითარებული და სოციალურად ორიენტირებული ქვეყნები – ფინეთი, ნორვეგია და შვედეთი, სადაც 6 თვემდე ბავშვების დაახლოებით 90% ძუძუთი იკვებება.
ამერიკაში, ხელოვნური ნარევების მწარმოებელთა აგრესიულმა კამპანიამ თავისი „შავი საქმე” გააკეთა და პრაქტიკულად განდევნა დედობის კულტურიდან ძუძუთი კვება.