ხაშურის მუნიციპალიტეტის, ჯანდაცვის სამინისტროსა და რეფერალური დახმარების ცენტრის მხარდაჭერითა და ინიციატივით, ხაშურში დიალიზის ცენტრი გაიხსნა.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” ხაშურის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ცენტრის გახსნას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის პირველი პირები, თანამშრომლები, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და ცენტრის ბენეფიციარები.
რეფერალური დახმარების ცენტრის გენერალური დირექტორის, ნათია მასხარაშვილის განმარტებით, ცენტრის მოწყობა 120 000 დოლარი დაჯდა. მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ცენტრი ერთდროულად ათი პაციენტის მიღებას შეძლებს და ყველა მათგანს სამკურნალოდ საუკეთესო პირობები ექნება.
”ცენტრის გახსნა დიალიზის საჭიროების მქონე პაციენტებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან დღემდე ისინი აღნიშნული მომსახურების მისაღებად საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გადაადგილდებოდნენ. ამჯერად, პაციენტებს მუნიციპალიტეტიდან გასვლა აღარ მოუწევთ და სამედიცინო მომსახურებას ადგილზე მიიღებენ”, – აცხადებენ ხაშურის მუნიციპალიტეტში.
დიალიზის პროგრამა უფასო სახელმწიფო პროგრამაა, რომელსაც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აფინანსებს.