კასპის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ რეაბილიტირებული და კეთილმოწყობილი შენობა და ერთი ახალი სასწრაფო დახმარების მანქანა გადაეცა,– ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
“რაიონის სასწრაფო დახმარების 40-მდე თანამშრომელი კერძო კლინიკის სამ ოთახში იყო განთავსებული, სადაც შესაბამისი სამუშაო და მოსასვენებელი პირობები არ არსებობდა.
ადამიანის ჯანმრთელობა დღევანდელი ხელისუფლების ერთ ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, ამაზე ჯანდაცვის სფეროში გატარებული რეფორმებიც მეტყველებს, ამიტომ გადავწყვიტეთ მათთვის სათანადო სამუშაო პირობები შეგვექმნა, დღეს ცენტრს დამატებით კიდევ ერთი სასწრაფო დახმარების მანქანა გადაეცა,-აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გოჩა გოჩიტაშვილმა.
ცენტრის გახსნას შიდა ქართლის გუბერნატორის მ/შ იოსებ ოქრომელიძე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი დავით ტორუა, კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი, მისი მოადგილეები და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანუჩარ მერებაშვილი ესწრებოდნენ.