კახეთის სასწრაფო დახმარების რაიონულ ცენტრებს სამედიცინო და კომპიუტერული ინვენტარი გადაეცემა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ტექნიკა ყველა რაიონულ სამსახურში განაწილდება. სამედიცინო მოწყობილობებით კი რეგიონის ეკიპაჟები სრულად აღიჭურვება.
დეფიბრილატორები, კარდიოგრაფები, პორტატული პულსოქსიმეტრები, ხერხემლის საიმობილიზაციო და სატრაქციო, ასევე ზემო კიდურის უნივერსალური არტაშნები, კომბინირებული საინტუბაციო მილები, მექანიკური მქაჩები, ჟანგბადის პორტატული ბალონები, პედიატრიული უნივერსალური კისრის საყელოები, სამედიცინო ჩანთები, ოროფარინგიალური მილები, მაკრატლები, ჟანგბადის რეზერვუარიანი ნიღბები და სისტემა-დოზიმეტრები – 20-მდე დასახელების სამედიცინო ინვენტარი, კახეთის სასწრაფო დახმარების ყველა ეკიპაჟს გადაეცემა.
ასევე, რაიონულ სამსახურებში კომპიუტერული ტექნიკა განაწილდება, რომლის მეშვეობითაც ცენტრის ელექტრონული პროგრამა ჩაირთვება. ახალი სამედიცინო აღჭურვილობის გამოყენებისთვის, მედპერსონალს ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკის ბაზაზე, შესაბამისი ტრენინგიც ჩაუტარდება.
ღონისძიებას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი დავით ტორუა, ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ თალაკვაძე და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოლაშვილი დაესწრებიან.