ამერიკული კომპანია Johnson & Johnson-ი კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინების წარმოებას ამცირებს. მიზეზი მოთხოვნის კლებაა. ამის შესახებ Wall Street Journal-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
ბოლო თვეების განმავლობაში Johnson & Johnson-მა გაწყვიტა კონტრაქტები იმ კომპანიებთან, რომლებიც მას კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ვაქცინის წარმოებაში ეხმარებოდნენ. ამ კომპანიებს შორისაა Catalent და Sanofi.
კონკურენტ Merck & Co.-სთან პარტნიორობამ, რომელიც ამერიკის მთავრობის მოთხოვნით შედგა, მოლოდინი არ გაამართლა და ახლა კომპანიები ურთიერთობებს არბიტრაჟში არკვევენ.
2021 წლის აპრილში აშშ-სა და ევროპის ქვეყნების ხელისუფლებებმა შეწყვიტეს Johnson & Johnson-ის ვაქცინების გამოყენება. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 6 პაციენტს აღნიშნული პრეპარატის მიღების შემდეგ თრომბი განუვითარდა.
მოგვიანებით, კვლევების ჩატარების შემდეგ, ამერიკელმა მარეგულირებელმა ვაქცინის გამოყენებაზე ნებართვა გასცა და კომპანიამ ევროპაში მიწოდება განაახლა.
თუმცა 2022 წლის მაისში აშშ-მა კვლავ შეზღუდა Johnson & Johnson-ის ვაქცინების გამოყენება, რისი მიზეზიც ისევ თრომბის განვითარების რისკი იყო. მარეგულირებლის განმარტებით, შესაძლოა, პრეპარატმა სისხლის სიცოცხლისთვის საშიში შედედება გამოიწვიოს ვაქცინაციიდან ორი კვირის განმავლობაში.