მთავარი » ჯანდაცვა » ჯენერიკები უნდა იყოს ბაზარზე ორიგინალ მედიკამენტებთან ერთად
ჯენერიკები უნდა იყოს ბაზარზე ორიგინალებთან ერთად, შემდგომ უკვე პაციენტისა და ექიმის გადასაწყვეტია, თუ რომელს მიანიჭებენ უპირატესობას.

ჯენერიკები უნდა იყოს ბაზარზე ორიგინალ მედიკამენტებთან ერთად

ჯანდაცვის ექსპერტმა დავით ანდღულაძემ ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოჯახის ექიმის ინსტიტუტის წინ წამოწევა საჭირო და დროულია.

ექსპერტმა ასევე ისაუბრა მედიკამენტების ხელმისაწვდომობის აუცილებლოებაზე, რომელიც დადებითად აისახება პირველადი ჯანდაცვის რგოლის განვითარებაზე.

“ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმას მივესალმები. ოჯახის ექიმის ინსტიტუტის წინ წამოწევის საჭიროება ყოველთვის აქტუალურია. ოჯახის ექიმი პირველადი რგოლის ის ძირითადი და აუცილებელი ნაწილია, რომელიც პასუხისმგებელი პაციენტის ჯანმრთელობაზე: ის იღებს პაციენტს, საჭიროების შემთხვევაში გამისამართებს სხვა ვიწრო სპეციალისტთან და ა.შ.”, – აღნიშნავს დავით ანდღულაძე.

ექსპერტი ექიმების პროფესიონალიზმის დონესაც შეეხო და მის აუცილებლობაზეც მიანიშნა.

“ნებისმიერი რეფორმის წარმატების საწინდარია პროფესიონალიზმი. ადამიანი მაქსიმალურად კარგად უნდა ფლობდეს და ერკვეოდეს საკუთარ საქმიანობაში, მითუმეტეს ექიმი, როდესაც საქმე ადამიანის ჯანმრთელობას ეხება. აქ ნებისმიერი დეტალი ძალიან მნიშვნელოვანი და საგულისხმოა. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია დაფინანსების საკითხიც. ექიმების ანაზღაურება უნდა შეესაბამებოდეს მათ მიერ გაწეულ სამუშაოს.

მოგეხსენებათ, ეს პროფესია არის ყველაზე საპასუხისმგებლო, ძალიან დიდ ძალისხმევას დებენ ექიმები პაციენტის მკურნალობაში, აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი შესაბამისად დაფასებადი უნდა იყოს”, – აცხადებს ანდღულაძე.

დავით ანდღულაძემ ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პაციენტებისთვის ეს მართლაც უნიკალური პროგრამაა.

“რაც შეეხება ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამას, პირადად მე არ მაქვს შეხება ამ კონკრეტულ რეფორმასთან, მაგრამ იმ ექიმებსა თუ პაციენტებთან, რომლებთანაც მიწევს ურთიერთობა, მათი კმაყოფილების დონიდან გამომდინარე ვხვდები, რომ ეს პროგრამა მუშაობს. არ შეიძლება, რომ ადამიანი, რომელსაც ოპერაციის თითქმის მთლიანი ღირებულება უფინანსდება, უკმაყოფილო იყოს. რიგითი პაციენტის გადმოსახედით შემიძლია ვთქვა, რომ ეს მართლაც, რომ უნიკალური პროგრამაა”, – განაცხადა ანდღულაძემ.

ექსპერტმა წამლის ფასებსა და ფარმაცევტული ბაზრის ჯენერიკი მედიკამენტების დაკომპლექტებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯენერიკები აუცილებლად უნდა იყოს ბაზარზე ორიგინალ მედიკამენტებთან ერთად.

“წამლის ფასებს რაც შეეხება, მაღალი და დაბალი ფასი შეფარდებითი ცნებებია. არის მედიკამენტები, რომლებიც ძვირდება, არის მედიკამენტები რომლებიც იაფდება და ეს მოქმედება გარკვეულწილად ერთმანეთს აბალანსებს. მიუხედავად ამისა, კარგი იქნებოდა, რომ ის მედიკამენტები, რომლებიც ხშირად მოთხოვნადია, უფრო გაიაფდეს.

რაც შეეხება ბაზარზე ჯენერიკი მედიკამენტების შემოტანას, მე ამის წინაღმდეგი ნამდვილად არ ვარ. როგორც ვიცი, ეფექტი იგივეა, რაც ორიგინალი მედიკამენტის შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ჯენერიკები უნდა იყოს ბაზარზე ორიგინალებთან ერთად, შემდგომ უკვე პაციენტისა და ექიმის გადასაწყვეტია, თუ რომელს მიანიჭებენ უპირატესობას”.

ibusiness.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …