მთავარი » მსოფლიო » ჯანმოს წარმომადგენელი: “გამაოგნა უკრაინის ჯანდაცვის პერსონალის სიმამაცემ”

ჯანმოს წარმომადგენელი: “გამაოგნა უკრაინის ჯანდაცვის პერსონალის სიმამაცემ”

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ უკრაინაში ომის მიმდინარეობის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო დაწესებულებებზე 100-ზე მეტი თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმების შედეგად 73 ადამიანი დაიღუპა და 51 დაშავდა.

103 თავდასხმიდან 89 სამედიცინო დაწესებულებებს შეეხო, 13 კი ტრანსპორტს, მათ შორის სასწრაფო დახმარების მანქანებს.

„ჩვენ აღშფოთებულები ვართ იმით, რომ ჯანდაცვაზე შეტევები გრძელდება. სამედიცინო დაწესებულებებზე თავდასხმა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაა,“ – განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს გებრეიესუსმა.

„მშვიდობა არის ერთადერთი გზა წინ. მე კვლავ მოვუწოდებ რუსეთის ფედერაციას, შეაჩეროს ომი,“ – განაცხადა მან.

ჯანმოს რეგიონული ბიუროს დირექტორმა ჰანს კრიუგემ, რომელიც ლვოვის ჰუმანიტარულ ცენტრში იმყოფება, განაცხადა: „პირადად მე გამაოგნა უკრაინის ჯანდაცვის პერსონალისა და თავად სისტემის სიმამაცემ. ჯანმო მუშაობს, რომ მიწოდების ხაზები ღია დარჩეს, რათა მნიშვნელოვანი სამედიცინო საქონელი მიეწოდოს ქალაქებსა და სოფლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, თუმცა ჯანდაცვაზე დაუსრულებელი შეტევები ამ სამუშაოს ძალიან ართულებს.“

ჯანმოში ასევე აღნიშნავენ, რომ 100 სამედიცინო დაწესებულება კონფლიქტის ზონების უშუალო სიახლოვესაა განთავსებული და ისინი და მათი პაციენტები არასდროს არ უნდა გახდნენ სამიზნე.

„შეუძლებელია გადააფასო ის ზიანი, რომელიც ფსიქიკურ ჯანმრთელობას მიადგა, რადგან ის ეხება როგორც მშვიდობიან მოსახლეობას, ასევე ჯანდაცვის პერსონალს,“ – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ჯანმოში განმარტავენ, რომ მათ არ აქვთ არც შესაძლებლობა და არც უფლება, გამოიძიონ მსგავსი შემთხვევები და დამნაშავეები გამოავლინონ. ჯანმოს როლი მდგომარეობს თავდასხმების შესახებ მონაცემების შეგროვებასა და გავრცელებაში. ამ მიზნით კი ორგანიზაცია სწავლობს ასეთ შემთხვევებს, მათ მასშტაბებსა და შედეგებს. გაეროს სხვა ორგანოები კი უფლებამოსილნი არიან, გამოიძიონ თავდასხმების ფაქტები, რაშიც მათ ჯანმო ეხმარება.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …