26 ივნისის მდგომარეობით მსოფლიოში, 50 არაენდემურ ქვეყანაში, აღრიცხულია მაიმუნის ყვავილის 4100-ზე მეტი შემთხვევა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.
მისი მონაცემებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ინიცირებით, გასულ კვირაში შეიკრიბა ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების საგანგებო კომიტეტი (IHR 2005 Emergency Committee) მაიმუნის ყვავილით გამოწვეული ეპიდ-აფეთქვების ანალიზის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალური რისკის შეფასებისა და შემდგომი რეაგირებისთვის.
25 ივნისის გადაწყვეტილებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ამ ეტაპზე მაიმუნის ყვავილის გავრცელებით გამოწვეულ აფეთქებას არ ანიჭებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობის სტატუსს (Public Health Emergency of International Concern).
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აგრძელებს მიმდინარე ეპიდ-აფეთქების ინტენსიურ თვალყურის დევნებასა და რისკების შეფასებას. არსებული მდგომარეობის ცვლილების შემთხვევაში გადაწყვეტილება განახლდება საჭიროების შესაბამისად.
ჯანმო რეკომენდაციას უწევს შესაბამისი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრევენციული ღონისძიებების დაცვას.