ჯანმოს განახლებული სტრატეგიის თანახმად, ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულებისა და ყველაზე მაღალი რისკის მქონე ადამიანების 100% კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველადი და ბუსტერ დოზებით აცრილი უნდა იყოს. აღნიშნულის მიზანი არის გარდაცვალების მაჩვენებლის შემცირება, საზოგადოების გახსნილობის შენარჩუნება და ეკონომიკის ფუნქციონირების უზრუნველყოფა იმ პირობებში, როცა ინფექციის გავრცელება გრძელდება.
ჯანმო აღნიშნავს, რომ მართალია, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და სწრაფია, თუმცა ყველაზე დიდი რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები დაუცველები არიან: დაბალი შემოსავლის ქვეყნებში ხანდაზმულთა 28%-მა და სამედიცინო პერსონალის 37%-მა, მართალია, მიიღო ვაქცინის ძირითადი კურსი, მაგრამ ბუსტერული დოზები არ გაუკეთებია.
ჯანმომ კოვიდ-საწინააღმდეგი ვაქცინაციის განახლებული გლობალური სტრატეგია 21 ივლისს გამოაქვეყნა, რაც იყო პასუხი Omicron-ის გავრცელებაზე.
ჯანმოს განცხადებით, კვლევების თანახმად, აცრების დანერგვის პირველ წელს ვაქცინაციამ 19.8 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.
ადმინისტრირებულ იქნა 12 მილიარდი დოზა ვაქცინა, რის შედეგადაც საშუალოდ, ქვეყნების მოსახლეობის 60% აიცრა.
ახალი სტრატეგია მიმართულია პირველადი და ბუსტერული დოზების გამოყენებაზე, რომლითაც მოცული უნდა იყოს მოსახლეობის 70%, 100%-იანი მაჩვენებელი კი მიღწეულ უნდა იქნას ყველაზე მოწყვლად ჯგუფებში, მათ შორის 60 წელს გადაცილებულ და შესუსტებული იმუნიტეტის მქონე მოსახლეობაში.
ჯანმო აცხადებს, რომ ვაქცინები შეიქმნა დაავადების გართულებისა და გარდაცვალების შემთხვევების შემცირების მიზნით. თუმცა, ორგანიზაციის შეფასებით, ვაქცინებმა ამ მიზნებს გადააჭარბა. რაც შეეხება ინფექციის გავრცელებას, ამ კუთხით მნიშვნელოვანი კლება არ აღინიშნა. კორონავირუსის ახალი შტამების გავრცელების და მათ მიმართ აცრების შედეგიანობის კლების კვალდაკვალ, ჯანმოს რეკომენდაციაა, გაძლიერდეს ინვესტიციები ვაქცინების შექმნაში.