საერთაშორისო ფრენების აღდგენასთან და ქვეყნების გახსნასთან ერთად, გასულ წელთან შედარებით, წელს ვირუსის გავრცელების მეტი შესაძლებლობა არსებობს. ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის განსაკუთრებით საშიში პათოგენების ჯგუფისა და COVID-19 ინციდენტებზე რეაგირების მართვის გუნდის (IMST) ზედამხედველობისა და ლაბორატორიულ კომპონენტს ხელმძღვანელი დოქტორ რიჩარდ პიბოდი აცხადებს.
მისი თქმით, ვინაიდან გრიპის გავრცელების მაჩვენებელი 2020/2021 წლებში ძალიან დაბალი იყო, წელს ადამიანები შესაძლოა უფრო მგრძნობიარენი იყვნენ გრიპის ვირუსის მიმართ. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა ახლა, როდესაც ზამთრის თვეებში შევდივართ და სულ უფრო მეტი ადამიანი ერთმანეთს ანაცვლებს სახლში ყოფნასა და მოგზაურობას, რაც ზრდის ვირუსით დაინფიცირებისა და გავრცელების რისკს.
„ჩვენ ჯერ კიდევ COVID-19-ის პანდემიის პირობებში ვიმყოფებით, როდესაც სწრაფად გადამდები დელტა ვარიანტი ცირკულირებს, რამაც შესაძლოა პოტენციურად გრიპისა და COVID-19-ის „ტვინდემია“ გამოიწვიოს ამ ზამთარს. გარემოში ორივე ვირუსის ერთდროულად ცირკულირებამ შესაძლოა მძიმე შედეგები იქონიოს დაუცველ პირებზე და გაზარდოს დატვირთვა ჯანდაცვის სისტემაზე წელიწადის იმ მონაკვეთში, როდესაც საავადმყოფოები ისედაც ყველაზე დატვირთულია,“- აცხადებს რიჩარდ პიბოდი.
მისივე თქმით, დაავადება შესაძლებელია საშუალო სიმძიმით ან მძიმედ მიმდინარეობდეს, ხოლო ზოგ შემთხვევაში, როდესაც პაციენტებს ქრონიკული დაავადებები აღენიშნებათ, დაავადება შეიძლება ლეტალური შედეგითაც დასრულდეს. ჩვეულებრივ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონში გრიპისაგან წელიწადში დაახლოებით 70 000 ადამიანი კვდება.
რა განსხვავებაა COVID-19-სა და გრიპის ვირუსს შორის? რიჩარდ პიბოდი ამბობს, რ ომ ორივე ვირუსი სასუნთქი გზების მწვავე ინფექციურ დაავადებას წარმოადგენს და ბევრი საერთო სიმპტომი ახასიათებს, როგორიცაა, მაგალითად, ხველა, ცხელება, სუნთქვის უკმარისობა ან/და ყნოსვის და გემოს შეგრძნების დაკარგვა. ვინაიდან მხოლოდ სიმპტომებზე დაყრდნობით რთულია დაავადებების ერთმანეთისგან განსხვავება, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, ადამიანმა უნდა მოახდინოს თვითიზოლაცია, რაც შეიძლება სწრაფად ჩაიტაროს ტესტი COVID-19-ზე. მართალია, ორივე ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულება, თუმცა, მისივე განმარტებით, COVID-19 უფრო ხშირად იწვევს გართულებებს, ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობასა და, ზოგიერთ შემთხვევაში, ლეტალობას. ამიტომ, მნიშვნელოვანია ტესტის ჩატარება. ამასთან, სპეციალისტის თქმით, ჯანმო რეკომენდაციას აძლევს რისკ-ჯგუფებში შემავალ პირებს აიცრან გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით გრიპის სეზონის დადგომამდე ან დადგომიდან რაც შეიძლება მოკლე პერიოდში.
„გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინები 60 წელიწადზე მეტია არსებობს და მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანია უსაფრთხოდ აცრილი. ყოველწლიურად, წამლის ეროვნული მარეგულირებელი სააგენტოები ყურადღებით იკვლევენ გრიპის საწინააღმდეგო თითოეულ ვაქცინას მათ ლიცენზირებამდე, დანერგილია სისტემები იმუნიზაციის შემდეგ გვერდითი მოვლენების მონიტორინგისა და მოხსენებების გამოსაძიებლად. თუმცა, ზოგჯერ გვერდითი მოვლენებიც აღინიშნება; ეს მოვლენები იშვიათია და, ჩვეულებრივ, არ იწვევს სერიოზულ გართულებებს. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა გრიპის თავიდან აცილებისა და სერიოზული გართულებების განვითარების რისკისა და ლეტალობის შემცირების საუკეთესო საშუალებაა.
დაცვის ოპტიმალური დონის უზრუნველყოფის მიზნით, ყოველწლიურად ხდება გრიპის ვაქცინების განახლება მეცნიერების მიერ წელიწადის უფრო ადრეულ პერიოდში ცირკულირებადი ვირუსის შტამებზე დაკვირვების საფუძველზე. თუ რამდენად ეფექტური აღმოჩნდება აღნიშნული ვაქცინები, რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის თქვენს ასაკზე, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და გავრცელებულ ვირუსის შტამებზე. ამ შემთხვევაშიც კი, ჩვენი მოლოდინით, აცრიდან ორი კვირის შემდეგ (ვაქცინის ამოქმედებას ჩვეულებრივ ეს დრო სჭირდება) 60%-ით დაცული იქნებით გრიპისაგან,“- აცხადებს რიჩარდ პიბოდი.
ამასთან, მისი თქმით, კოვიდის ვაქცინა არ იცავს გრიპისგან და პირიქით, რადგან ვირუსები განსხვავებულია და, შესაბამისად, სხვადასხვა ვაქცინას საჭიროებენ.
ექსპერტი ასევე განმარტავს ჯანმო თვლის, რომ ერთი და იგივე ვიზიტის დროს ორივე ვაქცინის ერთდროულად გაკეთება დასაშვებია.
რამდენად დაუცველია COVID-19-ით დაინფიცირებული პაციენტი გრიპის ვირუსის ან უფრო სერიოზული დაავადების განვითარების რისკის მიმართ? ამ კითხვაზე პასუხისას პიბოდი აღნიშნავს:
„ჯერჯერობით არ გვაქვს საკმარისი მონაცემები, რაც მოგვცემდა გადაჭრით იმის თქმის საშუალებას, რომ COVID-19-ით ინფიცირება გრიპის ვირუსის მიმართ უფრო მეტად დაუცველს გხდით. გასული წლის დასაწყისში ვირუსის გავრცელების შემდეგ, რეგიონის ქვეყნებში მარტის თვეში „ლოქდაუნი“ გამოცხადდა. ამიტომ, გრიპის ვირუსის ცირკულირება წლის განმავლობაში ძალიან უმნიშვნელო იყო, რაც ართულებს რაიმე მყარი დასკვნის გაკეთების საშუალებას ერთდროული ინფიცირების ზეგავლენასთან დაკავშირებით.
თუმცა, მეორე მხრივ, თუ მოხდა პაციენტის ჰოსპიტალიზაცია COVID-19-ის გამო და მას ფილტვის დაზიანება განუვითარდა, გრიპით ინფიცირების შემთხვევაში მძიმე დაავადების განვითარების რისკი, რა თქმა უნდა, იზრდება.“