ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მაიმუნის ყვავილით გარდაცვალების ორი ახალი შემთხვევის შესახებ განაცხადა. შედეგად, წლის დასაწყისიდან დღემდე, ვირუსის გამო გარდაცვლილთა რაოდენობამ სამი ადამიანი შეადგინა. ჯანმომ ასევე განაცხადა, რომ ვირუსი ახალ რეგიონებში გავრცელდა.
ჯანმოს განცხადებითვე, ბოლო ანგარიშიდან, რომელიც 27 ივნისს წარადგინა, შემთხვევების რაოდენობა 77%-ით გაიზარდა და 6027 შეადგინა. მათი უმრავლესობა ევროპაშია დაფიქსირებული. გარდაცვალების სამივე შემთხვევა კი აფრიკაზე მოდის. შემთხვევების 99%-ს მამაკაცები შეადგენენ.
„აფეთქება, პირველ რიგში, ისევ იმ მამაკაცებს ეხება, რომლებსაც სქესობრივი კონტაქტი ჰქონდათ მამაკაცებთან და რომლებმაც განაცხადეს, რომ ახლო წარსულში ჰქონდათ სექსი ერთ ან რამდენიმე მამაკაც პარტნიორთან. ეს კი ადასტურებს, რომ არ არსებობს ძლიერი გადაცემის ნიშნები ამ ქსელებს მიღმა,“ – ნათქვამია ჯანმოს ცნობაში.
გაეროს ჟენევის სააგენტო ხელახლა მოიწვევს კომიტეტის სხდომას, რომელმაც უნდა გასცეს რეკომენდაცია ჯანდაცვის სფეროში გლობალური საგანგებო სიტუაციის გამოცხადების შესახებ. ეს კი ჯანმოს მიერ განსაზღვრული საფრთხის უმაღლესი დონეა. წინა სხდომაზე, 27 ივნისს, კომიტეტმა განაცხადა, რომ მაიმუნის ყვავილის აფეთქება ჯერ კიდევ არ წარმოადგენს საგანგებო სიტუაციას ჯანმრთელობის დაცვის სფეროში.
Reuters-ის ინფორმაცია