საქართველოში ჯანდაცვისა და სოციალურ სექტორში დასაქმებულთა ხელფასები, სიდიდის მიხედვით, მეცხრე ადგილზეა.
2021 წლის I კვარტლის მონაცემებით, რომლებსაც საქსტატი აქვეყნებს, ქვეყანაში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.4 პროცენტით (53.5 ლარით) გაიზარდა და 1 256.2 ლარი შეადგინა.
საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 448.5 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 5.7 პროცენტით); ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 159.8 (გაიზარდა 14.4 პროცენტით); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 798.9 ლარი (გაიზარდა 0.2 პროცენტით); მშენებლობა – 1 664.5 ლარი (შემცირდა 2.3 პროცენტით).
ხელფასების კუთხით მცირე მატება შეინიშნება ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების ჯგუფში, სადაც, გასული წლის პირველ კვარტალში, საშუალო ანაზღაურება 1 096.6 ლარს შეადგენდა, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კი ეს მაჩვენებელი 1 164.4 ლარია.
მიმდინარე წლის 28 აპრილს, პარლამენტში “მინისტრის საათის” ფარგლებში გამოსვლისას, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საქართველოში ექიმების ყოველთვიური ანაზღაურება ასიმეტრიულია და ზოგ ექიმს ანაზღაურება თვეში აქვს 300 ლარი, ზოგს 120 ათასი ლარი, რაც, მისი სიტყვებით, სამართლიანი არ არის.
„ჩვენი ექიმების ანაზღაურება არის რადიკალურად ასიმეტრიული და თანხები, ახლა რომელსაც მე დავასახელებ, ნამდვილად არ შემეშლება. ზოგიერთ ექიმს აქვს ანაზღაურება თვეში 300 ლარი და ზოგიერთ ექიმს თვეში 120 ათასი ლარი. რამდენად სამართლიანია? ალბათ თქვენც დამემოწმებით, რომ ეს არის უსამართლო“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მისი თქმით, ხშირად ექიმების ანაზღაურება დამოკიდებული არ არის მხოლოდ კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმზე და ეს გარემო შესაცვლელია.
„ვთვლი, რომ ეს გარემო არის ნამდვილად ყურადღება მისაქცევი და შესაბამისი ღონისძიებები არის აქ გასატარებელი, 300-ლარიან ექიმსაც აქვს უფლება, ის ხალათი, რომელიც აცვია, ღირსეულად ეცვას და იყოს ისევე დაფასებული, როგორც ის ექიმი, რომელიც თვლის, რომ სრულიად სამართლიანად აქვს საქართველოს პირობებში 120-ათასლარიანი შემოსავალი თვეში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.