მთავარი » ჯანდაცვა » ჯანდაცვის სამინისტრომ ონკოლოგიურ დაავადებათა რეგისტრის დანერგვა დაიწყო
რეგისტრის საშუალებით შესაძლებელი გახდება დადგინდეს საქართველოს მასშტაბით რამდენი დაავადებულია რეგისტრირებული და რამდენი ახალი შემთხვევა გამოვლინდა 2015 წელს

ჯანდაცვის სამინისტრომ ონკოლოგიურ დაავადებათა რეგისტრის დანერგვა დაიწყო

ონკოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლა მთელ მსოფლიოში აქტუალური საკითხია. საქართველოში სიმსივნით დაავადებულთა რიცხვი სხვა ქვეყნებთან შედარებით, საკმაოდ მაღალია, თუმცა ზუსტი სტატისტიკური მონაცემები ჩვენს ქვეყენაში 2015 წლის იანვრამდე არ არსებობდა.

წელს, ჯანდაცვის სამინისტრომ ონკოლოგიურ დაავადებათა რეგისტრის დანერგვა უკვე დაიწყო და წლის ბოლოსთვის, რეგისტრის საშუალებით შესაძლებლობა გახდება ზუსტად დადგინდეს საქართველოს მასშტაბით თუ რამდენი დაავადებულია რეგისტრირებული და რამდენი ახალი შემთხვევა გამოვლინდა 2015 წელს.

ონკოლოგიურ დაავადებათა რეგისტრის დანერგვის საკითხებსა და მის აუცილებლობაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ქრონიკულ დაავადებათა სამმართველოს ხელმძღვანელი ნანა მებონია აღნიშნავს:

“ონკოლოგიურ დაავადებათა რეგისტრის დანერგვა 2015 წლის პირველი იანვრიდან დაიწყო და წლის ბოლოს დასრულდება. ეს იქნება ზუსტი მონაცემები, თუ რამდენი ახალი შემთხვევა გამოვლინდება ყოველწლიურად. 2015 წლამდე აღრიცხვიანობა არ იყო სრულყოფილი და აქედან გამომდინარე, სტატისტიკა მიუთითებდა ავადობის კლების შესახებ, თუმცა, ცხადია ეს არ იყო რეალური სურათი.

კლება ნადმვილად, არ ხდება და გარკვეულწილად ადგილი აქვს, პირიქით – დაავადების სიხშირესა და მატებას. ამ ეტაპზე ზუსტი სტატისტიკური მონაცემების არ არსებობის გამო, ჩვენ საჭიროების შემთხვევაში “გლოფოკანის” მონაცემებს ვიყენებთ. ეს გახლავთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პროგრამა, რომელიც ქვეყნებში ონკოლოგიურ დაავადებათ გავრცელებას აფასებს და გვაძლევს მონაცემებს, რომელზეც დაყრდნობით იკვეთება, რომ საქართველოში ყოველწლიურად 10-12 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდება.

აღსანიშნავია, რომ ქართველი ექსპერტები “გლოფოკანის” მონაცემებს არ ეთანხმებიან და თვლიან რომ გვაქვს დაავადების 7-8 ათასი ახალი შემთხვევა. თუმცა, არსებული მონაცემებით, შარშან 5200 ახალი შემთხვევა აღირიცხა”.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ქრონიკულ დაავადებათა სამმართველოს ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი დაავადების აღრიცხვიანობა აუცილებელია, რათა განისაზღვროს პრიორიტეტები, დაიგეგმოს მკურნალობა და პრევენციული ღონისძიებები.

“რეგისტრი ბევრ ქვეყანაში არსებობს. საქართველოშიც ფუნქციონირებდა, რომელიც არსებულ ონკოლოგიურ დისპანსერებს ეფუძნებოდა. ამჯერად ონკოლოგიური დისპანსერები მეტწილად დაიხურა, რადგან დისპანსერის ონკოლოგის ფუნქციები ოჯახის ექიმმა შეითავსეს. ნებისმიერი დაავადების აღრიცხვიანობა აუცილებელია, მით უმეტეს, ონკოლოგიური დაავადებების.

იმისათვის, რომ განვსაზღვროთ პრიორიტეტები, ვიცოდეთ რომელი დარგია წამყვანი, დავგეგმოთ პროფილაქტიკური ღონისძიებები, მკურნალობა, დაფინანსებები. ამის შემდეგ შემდეგ კი მოხდეს შეფასება, რამდენად ეფექტურად იმუშავა იმ პროფილაქტიკურმა ღონისძიებებმა, რომლებიც განვახორციელეთ. აუცილებელია, არსებული მდგომარეობა პროფილაქტიკური ღონისძიებების საშუალებით შეფასდეს, გავიგოთ სად ვართ და საით მივემართებით”, – აღნიშნა მებონიამ.

ibusiness.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …