“ჯანდაცვის მინისტრს არაფერი უთქვმას კონკრეტული მიმართულებით რას აპირებს, რასაც ჩვენი საზოგადოება ელოდება.
პირველი, გაჩნდება თუ არა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში წამლის კომპონენტი , პასუხი არ აქვს.
მეორე, რატომ არ იზრდება პენსია 50 ლარით, როდესაც ჩინოვნიკების პრემიები და დანამატებია გაზრდილი ასეულობით მილიონი ლარით, პასუხი არ აქვს.
მესამე, რატომ ამოყარა 150 ათას ადამიანზე მეტი სოციალურად დაუცველთა ბაზიდან, ამაზე სერგეენკოს პასუხი არ აქვს“, – ამის შესახებ “აიპრესთან” “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, დავით სერგეენკომ არ ისაუბრა იმაზე, რომ გაუარესებულია მედიკამენტებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობა, პასუხი არ აქვს პენსიების ზრდაზე.
„პენსიონერები ამოყარეს და არ დაუბრუნებიათ. საყოველთაო ჯანდაცვაში მან აღიარა ხარვეზი, მაგრამ აღიარა მას შემდეგ, როცა ამაზე ლაპარაკი დაიწყო პრემიერ მინისტრმა კვირიკშვილმა.
მაგალითად, არის ხალხი, რომელიც თავისი ჯიბიდან ყიდულობს დაზღვევის პაკეტს და ამავდროულად სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვით. სერგეენკომ პრობლემა აღიარა, რადგან ეს ფული ყველაზე გაჭირვებულ ადამიანებს აკლდება, იმიტომ რომ მათ კერძო დაზღვევა არ აქვთ. უკვე 2 წელიწადია ეს პრობლემა არსებობს, მარტივი შეკითხვაა, თუ მინისტრმა იცის, რომ პრობლემა 2 წელია არსებობს და მას არ შეუძლია პრობლემის გადაწყვეტის მექანიზმის მოძებნა…
მოლოდინი მქონდა, ისაუბრებდა, როგორ შევქმნათ პირობები იმისთვის, რომ საყოველთაო ჯანდაცვა ან ნებისმიერი სახელმწიფო ფინანსები მოხმარდეს ღარიბ ადამიანებს და მდიდრებს გაუჩნდეთ შესაძლებლობა, რაც შეიძლება იაფად შეიძინონ კერძო დაზღვევის პაკეტები.
სერგეენკო ლაპარაკობს იმაზე, რომ პროგრამას არაფერი ემუქრება. კი ბატონო, თუ ჩვენ ინფრასტრუქტურისა და განათლების განვითარებას მოვაკლებთ და ყველაფერს აქ გადმოვიტანთ… ეს ბიუჯეტი უძირო ხომ არ არის?! პირდაპირ გეუბნებით, 570 მილიონიან ბიუჯეტზე, რაც სერგეენკომ დაგეგმა წლის ბოლოს 100 მილიონი იქნება დასამატებელი.
აი, ჩვენ რომ შეხვდებით ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში, მაშინ გეტყვით ზუსტად დაახლოებით 100-დან 120 მილიონამდე უნდა დაემატოს.
ამას ჩვენ დავამატებთ, აბა ამ პროგრამას არჩევნების მერე ხომ არ გავაჩერებთ? შარშან ვთქვი,უნდა დაემატოს 96 მილიონი და დაამატეს 96 მილიონი. 2 მილიონში შემეშალა“. – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.