მთავარი » ჯანდაცვა » ჯანდაცვის მინისტრი ქართველი ექიმების ნაწილის არაკეთილსინდისიერებაზე საუბრობს
ჩვენ ორჯერ მეტი დანახარჯი გვაქვს, რადგან ხშირად ქართველი ექიმების ნაწილი პაციენტებს საჭიროზე მეტ წამალს უწერენ – განაცხადა დავით სერგეენკომ ინტერვიუში.

ჯანდაცვის მინისტრი ქართველი ექიმების ნაწილის არაკეთილსინდისიერებაზე საუბრობს

ჯანდაცვის მინისტრი ხმაურიან და სკანდალურ განცხადებას აკეთებს.

“ჯანდაცვის სისტემაში დახარჯული თანხის ძალიან დიდი ნაწილი მედიკამენტებზე მოდის – ეს მაჩვენებელი 40%-დან 50%-ს ზემოთაა. განვითარებულ ჯანდაცვის სისტემებში წამლებზე ხარჯების 15%-დან 25%-მდე მოდის. ჩვენ ორჯერ მეტი დანახარჯი გვაქვს, რადგან ხშირად ექიმები პაციენტებს საჭიროზე მეტ წამალს უწერენ,“– განაცხადა დავით სერგეენკომ „კვირის პალიტრასთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

ექიმების მიერ პაციენტებისთვის საჭიროზე მეტი მედიკამენტების გამოწერის თემა „კომერსანტმა“ რამდენიმე თვის წინ წამოსწია. მაშინ ჯანდაცვის სტრუქტურაში ოფიციალურ კომენტარს მოერიდნენ, მაგრამ პრობლემა იმდენად მასშტაბურია, რომ საბოლოო ჯამში მინისტრმა მას თავი ვერ აარიდა და „კვირის პალიტრასთან“ საუბარში ის დაადასტურა.

საქართველოში ჯანდაცვის მინისტრის ეს ხმაურიანი განცხადება რიგით თემებს შორის ჩაიკარგა. არადა ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის მხრიდან გაკეთებულ მსგავს განცხადებას სერიოზული საზოგადოებრივი პროტესტი და სკანდალი მოყვებოდა, ვინაიდან მინისტრმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ექიმების დიდი ნაწილი საკუთარ ვალდებულებებს არაკეთილსინდისიერად  ასრულებს, გარიგებაშია შესული ფარმაცევტულ კომპანიებთან და ფინანსური დაინტერესების გამო საჭიროზე მეტ წამალს უწერს პაციენტებს. ეს კი ადამიანების ჯანმრთელობაზე აისახება.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადების შეფასება „კომერსანტმა“ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს სთხოვა. ჩვენ მათ მივმართეთ შეკითხვით:

„თქვენი აზრით, რატომ უწერენ თქვენი კოლეგები პაციენტებს საჭიროზე მეტ წამალს“? 

როგორც აღმოჩნდა, გამოკითხული ექიმების უმრავლესობა აღიარებს პრობლემის სიმწვავეს და ამის მიზეზად რამდენიმე ფაქტორს ასახელებს. მათ შორისაა ექიმების ფინანსური დაინტერესება, ექიმების განათლების დაბალი დონე და თავად სექტორის სისტემა.

ექიმი-გინეკოლოგი ზაზა სინაურიძე აცხადებს, რომ აღნიშნული პრობლემის არსებობას ძირითადად ორი მიზეზი აქვს. პირველი, განათლების დაბალი დონე. შესაბამისად, ხშირად ეს ხდება ჰიპერდიაგნოსტიკის საფუძველი (გარკვეული დაავადების ჭარბი დიაგნოსტირება). მისი თქმით, ექიმს ურჩევნია მასიური და დარტყმითი თერაპიით დაიწყოს მკურნალობა, რათა მალე მიიღოს შედეგი, შესაბამისად, მას ჰგონია, რომ კარგს აკეთებს. ეს კი, სინაურიძის მოსაზრებით, განათლების დაბალი დონის შედეგია.

სინაურიძე მეორე მიზეზად ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ექიმების ფინანსური დაინტერესებას ასახელებს.

„გავრცელებული მოსაზრებაა, რომ ფარმაცევტული კომპანიები აინტერესებენ ექიმებს. მე 30 წელია ვმუშაობ ამ სფეროში და მსგავსი გარიგება არასოდეს მქონია, თუმცა, ირგვლივ მსგავსი ფაქტები ხდება. მინდა ჩემი კოლეგები დავიცვა და ვთქვა, რომ ეს არის ერთეული შემთხვევები”-აცხადებს სინაურიძე.

მისი თქმით, ექიმები არ მიყვებიან საერთაშორისო სტანდარტებს, მათი დაცვა აუცილებელია. სინაურიძის განმარტებით, მკურნალობა რომ სტანდარტებით მიდიოდეს, ერთი ათად შემცირდებოდა წამლის მოხმარება. გარდა ამისა, პრობლემაა ეგრეთ წოდებული „ბადების“ (ბიოლოგიურად აქტიური დანამატები) დანიშვნა. დასავლური და პროგრესული მედიცინა კი მათ პრეპარატებად არ აღიარებს. სინაურიძის თქმით, ამაშიც დიდია ექიმების ფინანსური დაინტერესება.

„ასეთი რაღაცეების დანიშვნა შეიძლება ერთ რამეს მოუხდეს და მეორეს არა. ამიტომ, მე პირადად, როგორც ექიმი ვერიდები მათ გამოწერას,”-აცხადებს სინაურიძე.

ექიმი-გინეკოლოგი შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს სტანდარტიზაციაში ხედავს. კერძოდ, უნდა მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან დარგის რეგულირება და სტანდარტიზაცია.

მინისტრის განცხადებას დროულს უწოდებს რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ავთანდილ იმედაძე და განმარტავს, რომ რადგან მინისტრმა ეს განცხადება გააკეთა, ალბათ აქვს საფუძველი. მისი განცხადებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში არსებობს კონტროლი იმისა, რომ დაინიშნოს იმდენი წამალი, რაც საჭიროა და არა საჭიროზე მეტი რაოდენობის.

გარდა ამისა, იმედაძე ამბობს, რომ ეს პრობლემა საქართველოს გარდა დგას ამერიკის და ევროპის ქვეყნებშიც. ასევე რუსეთშიც.

პრობლემის სიმწვავეზე საუბრობს დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის და ქართულ-ამერიკული კლინიკის დამფუძნებელი დიმიტრი ტვილდიანიც. მიზეზად ისიც ნაცნობ ფაქტორებს ასახელებს:

პირველი – ფარმაცევტული კომპანიების და ექიმების ფინანსური დაინტერესება, და მეორე – ექიმების განათლების დაბალი დონე. ტვილდიანის თქმით, ექიმებმა ხშირად არ იციან, რომ არსებობს წამლები, რომლებსაც სხვადასხვაგვარი მოქმედება ახასიათებთ. ამის გამო სხვადასხვა წამლებს ნიშნავენ და არა იმას, რომელსაც შეუძლია 2-3 ფუნქცია შეასრულოს.

„კარგი ექიმი ყოველთვის ცდილობს, რომ დანიშნოს რაც შეიძლება ნაკლები წამალი. ამაშია გამოსავალი, განათლების დონის ამაღლებაში. ასევე არ უნდა არსებობდეს ისეთი მონოპოლიები, როდესაც ფარმაცევტულ კომპანიას ეკუთვნის წამლის წარმოებაც, საავადმყოფოც, ექიმიც და ასე შემდეგ. ამაზე სახელმწიფო რეგულაცია უნდა გაკეთდეს,” – აცხადებს ტვილდიანი.

რაც შეეხება საერთაშორისო გამოცდილებას და იმას, რომ მსგავსი შემთხვევები განვითარებულ ქვეყნებშიც ხდება, ტვილდიანი აცხადებს, რომ მაგალითად, ამერიკაში არის მსგავსი ფაქტები, თუმცა, გაცილებით ნაკლები დოზით და სხვა მიმართულებით. კერძოდ, მისი თქმით, საქართველოში ექიმებს ამ „სამსახურის“ სანაცვლოდ აგზავნიან სხვადასხვა კონფერენციაზე, თუმცა პირდაპირ ფულს არ უხდიან. მისი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ამერიკელი და ქართველი ექიმის ცოდნის დონე ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან.

სამშობიარო კლინიკა „ემბრიოს” დირექტორი ზაზა ავალიანი აცხადებს, რომ მინისტრის განცხადებაში სიმართლე ნამდვილად არის. რაც შეეხება უშუალოდ პრობლემას, ამის მიზეზი ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ექიმების ფინანსური დაინტერესებაა. მისი თქმით, ადმინისტრირებით ეს იკრძალება, თუმცა, სამწუხაროდ ასეთ ფაქტებს მაინც აქვს ადგილი, თან საკმაოდ მწვავედ.

განსხვავებული მოსაზრება აქვს კარდეოლოგიური კლინიკა „გულის” ხელმძღვანელ ანზორ მელიას. მისი თქმით, ნამდვილი და პროფესიონალი ექიმი არავითარ შემთხვევაში ზედმეტ წამალს არ გამოწერს განსხვავებით შემთხვევითი ექიმებისგან, რომლებიც შეკრულები არიან სხვადასხვა ფირმებთან. მელია ამბობს, რომ საბედნიეროდ, ასეთი არაკეთილსინდისიერი ექიმების რიცხვი ქვეყანაში მცირეა.

„როგორ შეიძლება ექიმმა გამოუწეროს პაციენტს ის წამალი, რომელიც მას არ სჭირდება. ახლა მე პაციენტი მიზის, რომელსაც 8 წამალი სჭირდება, ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა შეუძლებელია. მაგათ იმას მიხედონ, რომ შემოყავთ წამლების კომპანია „ჰუმანიტი” , რომელიც ინდურ წამლებს უკეთებს რეალიზებას და ნაკლები ფასები არ აქვს. თუ ასე გაგრძელდება, ახლო მომავალში ნორმალური კლინიკა და ექიმი არ ეყოლებათ. დაანებონ ექიმებს თავი. ეს სწორი მიდგომა არ არის და ბატონმა სერგეენკომ ექიმები უნდა დაიცვას, ჩვენ დაუცველები ვართ. თუ ასე გაგრძელდება, ნორმალური ექიმი და კლინიკა არ ეყოლება საქართველოს. “-აცხადებს მელია.

სპეციალურმა კვლევამ დაადგინა, რომ ქართველი ექიმები არცთუ იშვიათად პაციენტს რამდენიმე, ხშირ შემთხვევაში ანალოგიური შემადგენლობის მედიკამენტს უწერენ. ყოფილა ათზე მეტი წამლის გამოწერის ფაქტი ერთ პაციენტზე. ამ მოვლენას სპეციალისტები ორი ფაქტორით – ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ექიმების მატერიალური დაინტერესებითა და ექიმების დაბალი კვალიფიკაციით ხსნიან.

commersant.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …