შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ირლანდიის ეროვნული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დელეგაციას შეხვდა.
ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მართვისა და პერსონალის პროფესიული მომზადების საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება ცენტრში დაგეგმილ პროექტებზე და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარებაზე გამახვილდა.
დელეგაცია ქვეყანაში ირლანდიის ეროვნული სასწრაფო სამედიცინო დახმარების დირექტორ მარტინ დუნეს ხელმძღვანელობით იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში დელეგატები ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში იმყოფებოდნენ. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ირლანდიელ კოლეგებს რეგიონებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მართვის საკითხებზე მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებების, რეაგირების, პაციენტის ჰოსპიტალიზაციისა და რეფერალის საკითხებზე პრეზენტაციაც იყო წარმოდგენილი. დელეგაციის წევრებმა ჯანდაცვის სამინისტროს სასწავლო ცენტრიც დაათვალიერეს და მედპერსონალის პროფესიული მომზადების შესახებ გაეცნენ ინფორმაციას.
ირლანდიის ეროვნული სასწრაფო სამედიცინო დახმარების დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით საქართველოს 23 ივლისს ესტუმრა.