ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები, დიმიტრი ხუნდაძე და ლევან კობერიძე დღეს მსოფლიო ბანკის სიღარიბის შეფასების მისიის წარმომადგენლებს, ალან ფუქსა და სეზარ კანჩოს შეხვდნენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე ისაუბრეს სიღარიბის კუთხით მსოფლიო ბანკის მიერ მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებული გლობალური და რეგიონული კვლევების შესახებ. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოში ბოლო პერიოდში სიღარიბის შემცირების ტენდენციებზე.
აკაკი ზოიძის ინფორმაციით, მსოფლიო ბანკი მუშაობს და მომავალი წლისთვის უკვე მზად იქნება კიდევ ერთი ანალიტიკური დოკუმენტი, რომელიც ბოლო 2 წლის ტენდენციას შეაფასებს.
„ეს დაგვეხმარება, რომ გვქონდეს ჩვენი პოლიტიკის ეფექტიანობის შემდეგი შეფასების საშუალება. მთავრობის მიერ ბევრი ისეთი ღონისძიება გატარდა, მათ შორის, წამლის კომპონენტის შემოტანა ჯანდაცვის პროგრამაში, საყოველთაო ჯანდაცვის მიზნობრიობის გაზრდა, უფრო მეტი შღავათის მიცემა შედარებით დაუცველებისთვის, რომ ამან აუცილებლად უნდა გამოიწვიოს სიღარიბის შემდგომი შემცირება. ველოდებით ამ დოკუმენტს ისეთი ობიექტური და მაღალპროფესიონალური ორგანოსგან, როგორიც მსოფლიო ბანკი გახლავთ“, -განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, მსოფლიო ბანკი, ასევე, ფარდობითი სიღარიბის შეფასების ახალ მეთოდოლოგიაზე მუშაობს. „ახალი მეთოდოლოგია იქნება რეგიონზე დამოკიდებული ანუ სიღარიბეს ქვეყნების შემოსავლების მიხედვით გადაითვლიან“, – აღნიშნა აკაკი ზოიძემ.