“ნაციონალური მოძრაობა” ჯანდაცვის მინისტრს რამდენიმე ალტერნატივას სთავაზობს იმისთვის, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ ფუნქციონირება უპრობლემოდ გააგრძელოს.
“საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტში სულ 23 მლნ ლარია დარჩენილი. წლის ბოლომდე ამ თანხას კიდევ მინიმუმ 94 მლნ ლარი უნდა დაემატოს, რომ პროგრამამ იმავე რეჟიმში განარგძოს ფუნქციონირება. ეს ფული კი ჯერჯერობით არ ჩანს.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის წლიური ხარჯი 2015 წლისთვის 470 მლნ ლარითაა განსაზღვრული. 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში ამ პროგრამაზე 570 მლნ ლარია გათვალისწინებული, ანუ ზუსტად იმდენით მეტი, რამდენითაც პროგრამის წლევანდელი ბიუჯეტი გაირღვა.
დავით სერგეენკოს რამდენიმე ალტერნატივა აქვს:
1. მთავრობა ითხოვს და პარლამენტი ამტკიცებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე 94 მლნ-იან დანამატს. სერგეენკოსთვის ეს ყველაზე ადვილი გამოსავალია, ღარიბაშვილი-ხადურისათვის – ყველაზე რთული.
2. ჯანდაცვის მინისტრი საავადმყოფოებში სამედიცინო რეგულირების სააგენტოს “სადამსჯელო რაზმებს” აგზავნის და საავადმყოფოებისათვის 2013-14-15 წლებში უკვე გადარიცხული თანხების კორექტირებას იწყებს. ეს ნიშნავს, რომ საავადმყოფოებისათვის სამინისტროს მიმდინარე და ნოემბერ-დეკემბრის მომავალი დავალიანება კორექტირებისას “აღმოჩენილი” ჯარიმებში გაიქვითება.
3. სამინისტრო უთანხმდება სამედიცინო სექტორს, რომ ნოემბერ-დეკემბერში საავადმყოფოებს თანხებს ვეღარ ან მინიმალურად ჩაურიცხავს და, სამაგიეროდ, 2016 წლის იანვარში, როცა ახალი ბიუჯეტი შევა ძალაში, ერთბაშად ჩაურიცხავს 150 მლნ ლარზე მეტს.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, მე2 და მე-3 ვარიანტებს დავით სერგეენკო უკვე იყენებს და მის მასშტაბს იმდენად გაზრდის, რამდენად ნაკლებადაც შეუვსებს ხადური დეფიციტურ 94 მლნ ლარს.
უნდა გვესმოდეს, რომ ეს მდგომარეობა მედპერსონალის ხელფასების გაუცემლობაში, სამედიცინო მომსახურების ხარისხის დაქვეითებასა და პაციენტების მიერ ჯიბიდან გადახდების ზრდაში აისახება.
ისედაც, ჯანდაცვის საერთო დანახარჯებში სახელმწიფოს წილი მხოლოდ 25%-მდეა (არადა ბევრს ჰგონია, რომ საავადმყოფოში შესულ პაციენტს ყველაფერს სახელმწიფო უფინანსებს). ჯანდაცვის ხარჯების 75%-ს ისევ პაციენტები და მათი ოჯახები იხდიან საკუთარი ჯიბეებიდან.
გაჭირვებული ადამიანები, რომლებსაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან მიღებულ დაფინანსებაზე თავისი ჯიბიდან დამატება უწევთ (ჯანდაცვის სფეროში ფასები 10%-ითაა გაზრდილი), დახმარებისათვის ისევ სამინისტროს აკითხავენ.
სამინისტრო მოქალაქეთა პირდაპირი მიმართვის საფუძველზე განკარგავს მეორე პროგრამას “რეფერალური მომსახურება” (კოდი 35 03 03 09), რომლის 15 მლნ ლარიანი წლიური ბიუჯეტი ჯერ კიდევ აგვისტოში ამოწურა.
პრაქტიკულად აგვისტოშივე ამოიწურა სხვა პროგრამის წლიური ფინანსებიც. ესაა “სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება” (35 03 03 07).
მიზეზი მარტივია: რადგან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ რაიონული საავადმყოფოების დატვირთვა ჰოსპიტალურ ნაწილში მკვეთრად შეამცირა (საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტის 2/3 თბილისში იხარჯება), ამ საავადმყოფოებში სამედიცინო სერვისების რაიოდენობამაც იკლო. ამიტომ სულ უფრო მეტი პაციენტი ხდება გადასაყვანი თბილისში, ქუთაისსა და კიდევ 2-3 ქალაქში.
რადგან პროგრამის “სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება” ბიუჯეტი ამოწურულია, სამინისტრო მოქალაქეებს ასევე ვერაფრით ეხმარება და კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფის ტრანსპორტირების ხარკების გაღებაც უმეტეს შემთხვევაში თავად პაციენტს და მის ოჯახს უწევს.
სადაა გამოსავალი? იქ, სადაც 2012 წლის 1 ოქტომბერს ვიყავით:
1. უნდა შეველიოთ პოპულისტურ “საყოველთაოობას”, შევეშვათ შედარებით შეძლებულებზე სახელმწიფოს შეზღუდული ფინანსური რესურსის ხარჯვას და მეტად დავეხმაროთ მოწყვლად მიზნობროვ ჯგუფებს: პენსიონერებს, სოციალურად დაუცველებს, ბავშვებს, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს;
2. ჯანდაცვა უნდა დაუბრუნდეს სამედიცინო დაზღვევის მოდელს.
სხვადგვარად, გარწმუნებთ, გაისად არც 570 მლნ ლარი იქნება საკმარისი. უფრო მეტიც, თუ 2016 წლის დასაწყისში ჯანდაცვის სამინისტრომ ერთბაშად გაისტუმრა წელს დაგროვილი დავალიანება, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, ისედაც გაუბედურებულ ლარს რა დღე ელის. ეს კი იმავეს ნიშნავს, რაც ენერგეტიკაში მოხდა: დღეს გვიზოგავენ 1 თეთრს, ხვალ კი სანაცვლოდ ჯიბიდან 3 თეთრს გვაცლიან.”, – ნათქვამია ჭიაბერაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.