მთავარი » ჯანდაცვა » ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა ჯანმრთელობას არ ნიშნავს
ხელმისაწვდომობა ჯანმრთელობას არ ნიშნავს. ხელმისაწვდომობა ილუზიას ქმნის, რომ ჯანმრთელობას რაღაცას ვარგებთ, სინამდვილეში არაფერს არ ვარგებთ.

ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა ჯანმრთელობას არ ნიშნავს

სახელმწიფო კანცელარიაში ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმების საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც რეფორმის შედეგების მონიტორინგის მიმართულებით იმუშავებს.

რომელ შედეგებს გააკონტროლებს და რა მიმართულებით იმუშავებს ჯგუფი დეტალურად ცნობილი არ არის. როგორ გვიგოთ გაუმჯობესდა თუ არა მოსახლეობის ჯანმრთელობა თუ კი კვლევები არ ტარდება და არაფერი იზომება, – ეს ის კითხვაა, რომელიც ჯანდაცვის ანალიტიკოსებს ყველაზე მეტად აწუხებთ, – თემის დეტალებით ’’ბიზნესკონტრაქტთან“ ჯანდაცვის სპეციალისტი დავით გზირიშვილი საუბრობს.

-ბატონო დავით, ჩვენთან ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენ აღნიშნეთ, რომ C ჰეპატიტის პროგრამა ზოგადად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში “თეთრი ყვავია“. ეს “თეთრი ყვავები“ გამრავლდნენ თუ ისევ შავი ფერი სჭარბობს?

-არ მახსენდება რამე სახელმწიფო ინიციატივა, რომელიც ერის ჯანმრთელობისთვის ფასეულობით ისეთი წონიანი და შედეგიანი ყოფილიყოს, როგორიც ჯერჯერობით C ჰეპატიტის პროგრამაა. სამწუხაროდ ასეა.

– თუ კი კვლევებს არ ვატარებთ, როგორ ვიგებთ საქართველოში ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა თუ გამოსწორდა, თქვენ თუ მიგიწვდებათ ასეთ კვლევებზე ხელი?

-მთავარ კითხვამდე მოვედით – როგორია ჩვენი ჯანმრთელობა, რაში გამოიხატება ჩვენი ერის ჯანმრთელობა და საერთოდ რათ გვინდა ჯანდაცვის სისტემა და ფულის ხარჯვა, რათ გვინდა მედიკამენტები, კვლევები და ა.შ. ის ყველაფერი, რაც ჩვენ დღეს გვაწუხებს სახელმძღვანელოებშია აღწერილი, გარდაუვალი თავის სატკივარია, რომელიც იმ ნაბიჯებს მოყვება, რა ნაბიჯებსაც ვდგამთ.

ყველაფერი რაც დღეს ხდება, ნათლად შეიძლებოდა თავიდან აგვეცილებინა რომ დავფიქრებულიყავით და გარკვეული ნაბიჯები მეტი სიფრთხილით გადაგვედგა. კვლევებს რაც შეეხება, ადამიანი ან ორგანიზაცია ბუნებაში კვლევებს ატარებს მაშინ, როდესაც გაუცემელი კითხვები არსებობს. ამიტომ, ჯერ უნდა დავფიქრდეთ ვინმეს თუ აინტერესებს სახელმწიფოში ერის ჯანმრთელობა რა არის, რაში გამოიხატება და ამას რას ვარქმევთ.

თუ ჩვენ გვაკლია ინფორმაცია, რომ ამ კითხვებს გავცეთ პასუხი, მაშინ კვლევის ჩატარების მოთხოვნილება და საჭიროება ჩნდება და შემდეგ ამ კვლევას სახელმწიფო ან სხვა ჯგუფები ატარებენ. მეცნიერები და მკვლევარები სხდებიან, კვლევის შედეგებს ადარებენ, აანალიზებენ და დასკვნებს დებენ. ამ პროცესში ამოსავალი არის კითხვა – საქართველოში ხალხი ჯანმრთელია თუ არა, ან უფრო ჯანმრთელია თუ არა, ვიდრე 10 წლის წინ ვიყავით, უფრო ჯანმრთელია თუ ევროპა, რომელიც ჩვენი ათვლის წერტილია და ა.შ.

ეს კითხვები საჯარო სივრცეში არ დასმულა, ამიტომაც სპეციალური კვლევები ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად მე არ მახსენდება. ეს არ ნიშნავს, რომ ინფორმაცია არ გროვდება და არ იზომება.

ეს ინფორმაცია გროვდება და ყველა ჩემმა კოლეგამ იცის, რომ თუ ინფორმაცია აინტერესებს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია მწირია და უფრო სპეციფიკური ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პორტალზეა. რომ ჩამოტვირთავთ რა არის გამოქვეყნებული, მიხვდებით, რომ ეს კითხვები არავის არ აინტერესებს.

რომ შეხედავთ რა ინფორმაციებია და როგორი ფორმატით საზოგადოებისთვის მიწოდებული, მიხვდებით, რომ ამაზე არავის არ უფიქრია, არავის არ გამოუყენებია, მოხმარებაში არ არის, რადგან თუ მოთხოვნაზე იქნებოდა ეს ანგარიშები მიბმული, მათი შინაარსი სულ სხვანაირი უნდა ყოფილიყო. გარკვეული ინფორმაციები არსებობს, რომელსაც არავინ არ ითხოვს, რადგან კითხვას არავინ არ სვამს. მთავარი ის არის, რომ კონცეპტუალური შეთანხმებები არ არის.

მაგალითად, რა არის ის ერთი ან ორი ყველაზე მთავარი, რითიც ჩვენ ვიტყვით, რომ ჯანმრთელები ვართ, როგორია სიცოცხლის ხანგრძლივობა, დედათა სიკვდილიანობა. ონკოლოგიური დაავადებების თავიდან აცილების პროფილაქტიკის მაჩვენებელი და სხვა.

-ეს მაჩვენებლები ჩვენ არ მოგვისმენია. ერთადერთი, რაც მუდმივად ისმის ეს ხელმისაწვდომობა და მისი გაზრდაა…

-აქ არის ის უზარმაზარი კონცეპტუალური ნაპრალი. მე რომ ხელი უფასო თვითმფრინავის ბილეთზე მიმიწვდებოდეს, მე სამსახურში ადრე მივალ თუ დამაგვიანდება, ამით შეიცვლება ჩემი ქალაქში გადაადგილება, – ხომ არ შეიცვლება? დაახლოებით ასეთივე შეიძლება იყოს კავშირი ხელმისაწვდომობას თვითმფრინავით მგზავრობასა და ჯანმრთელობას შორის, რადგან ხელმისაწვდომობა ჯანმრთელობას არ ნიშნავს. ხელმისაწვდომობა ილუზიას ქმნის, რომ ჯანმრთელობას რაღაცას ვარგებთ, სინამდვილეში არაფერს არ ვარგებთ.

-ამ შემთხვევაში ხელმისაწვდომობა ხომ არ არის სახელმწიფოს როლი და ჯანმრთელობაზე ზრუნვა უკვე ადამიანის მოვალეობაა?

-სამწუხაროდ, სახელმწიფოს ჩემთვის არ უთქვამს ეს ფუნქციები როგორ გავინაწილეთ. არც ერთ სახელმწიფოში არ არსებობს, რომ ეს 100%-ით იყოს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, ან 100% ადამიანის. სადღაც უნდა გავმიჯნოთ პასუხისმგებლობები. ის რომ ჭარბ წონას მე უნდა მივხედო, უპირველესად, ჩემი საზრუნავია, თუმცა სახელმწიფომ ეს შეიძლება რაღაცნაირად შეზღუდოს და მე მავნე პროდუქტები მოვიხმარო.

პასუხისმგებლობას ვიყოფთ, რადგან მე იგი პირს ვერ ამომიკერავს და ვერ მეტყვის, რომ მაინც და მაინც ის არ დალიო, ან არ შეჭამო. პასუხისმგებლობები იყოფა და ასე უნდა განაწილებულიყო ყველაფერი. მაგრამ სამწუხაროდ, ეს არავის არ უთქვამს. სახელმწიფომ ჩათვალა, რომ თუ ჩვენ გვასიამოვნებს და გაგვახარებს, რადგან უფრო მეტი მედიკამენტის მიღება და მეტი გამოკვლევის ჩატარება შეგვეძლება, ჩვენ შეგვექმნება განცდა, რომ კარგი ჯანდაცვის სიტემა გვაქვს, თუმცა ჯანმრთელობა უკეთესი გვაქვს ამ შემთხვევაში თუ არა, ეს არ ვიცით.

-ეკონომიკური ვითარება, სიღარიბე ხომ არ არის ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი?

-შეიძლება გარკვეული ნაბიჯები მოკლევადიან 6 თვიან, ან ერთწლიან სახელმწიფო ბიუჯეტისთვის ზარალის მომტანი იყოს, მაგრამ თუ ჩვენ ჯანმრთელობას ვუდგებით, როგორც კაპიტალს, რომელიც მათემატიკურად და ეკონომიკურად გამოიხატება სამუშაო ძალის უნარში აწარმოოს და იმუშაოს და იმ უნარში, რომ ბედნიერება განიცადოს. თუ ავადმყოფი ხარ, ბედნიერება არაფერს მოაქვს.

ჯანმრთელობას რამდენიმე განზომილება აქვს. ეს შედეგი, ის სიკეთე, რასაც ამ კაპიტალის გაზრდას, მოკლევადიანი ეკონომიკურად ცოტა მტკივნეული ნაბიჯები მოუტანს ერთმანეთთან არ ედრება. მსოფლიომ ამ კითხვაზე პასუხი გასცა, რომ ინვესტიცია ჯანმრთელობასა და განათლებაში ყველაზე გრძელვადიანია.

მე საქართველოში იშვიათად ვარ და როდესაც ვარ კონტრასტს ვგრძნობ. ფეხით როდესაც დავდივარ და ჰაერს ვსუნთქავ, პირველი, რაც ყველაზე მეტად ფიზიკურად გულისრევამდე მიდის, ეს ჰაერია და რომ ვკითხულობ იმის შესახებ, რომ საწვავის ყველა სტანდარტი დაცულია, წარმოუდგენელი რამეა. ჩვენ სიახლის აღმოჩენა არ გვჭირდება, არამედ უბრალოდ უნდა ვთქვათ როგორია ჩვენი ჯანმრთელობა.

ჩვენ ჩვენი ერის ჯანმრთელობის შესახებ დღემდე არ ვიცით. ერთადერთი, რაც იმედს მაძლევს ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ჯანდაცვის სისტემის ყველაზე სისტემური მოყვანა, დაახლოებით 6-7 წლის წინ იმ ადამიანმა გააკეთა, ვინც დღეს პარლამენტში კომიტეტს ხელმძღვანელობს.

რა მდგომარეობაშია ერის ჯანმრთელობა და ჯანდაცვის სისტემა რამდენად გამართულად მუშაობს, რომ ასეთი ჯანმრთელი ერი გვყავდეს, ან არ გვყავდეს, ამ მეთოდოლოგიის აწყობა და პირველი გაზომვები ბატონმა აკაკი ზოიძემ გააკეთა.

იმედია, ეს დავიწყებას არ მიეცემა და კულტურა გაჩნდება იმისა, რომ ჩვენ ერის ჯანმრთელობა ვიკვლიოთ და ვზომოთ. სახელმწიფომ ეს კითხვები უნდა დასვას და პასუხები ეძებოს.

businesscontract.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …