2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს დაფინანსება 96 მილიონი ლარით გაიზრდება.
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. ჯანდაცვის სფეროში ჩადებული თანხა არის პირდაპირი ინვესტიცია ქვეყანაში ჯანსაღი შრომითი რესურსის შესანარჩუნებლად — მიაჩნია ეკონომისტ ლევან კალანდაძეს.
„ჯანდაცვაში ჩადებული ფული წყალში გადაყრილი თანხა კი არა, ისეთივე ინვესტიციაა, როგორიც, მაგალითად, ინფრასტრუქტურაში ან ეკონომიკის წახალისებაში ჩადებული ფული, იმიტომ რომ ჯანდაცვის დაფინანსებით ნარჩუნდება სამუშაო ადგილები, ხდება ბიუჯეტში გადასახადის გადახდა. ჯანდაცვა მონაწილეობს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაში და, რაც ყველაზე მთავარია, ჯანდაცვაში ჩადებული ფული არის პირდაპირი ინვესტიცია, ქვეყანაში ჯანსაღი შრომითი რესურსის შენარჩუნების თვალსაზრისით“, – თვლის ლევან კალანდაძე.
მისი აზრით, კარგია,თუ სახელმწიფოს ჯანდაცვის დაფინანსების გაზრდის საშუალება აქვს.
2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს დაფინანსება 96 მილიონი ლარით გაიზრდება.
“100 მილიონი ლარით შემცირდება საგარეო დაკრედიტება და აღნიშნული თანხებიდან 96 მილიონი ლარით გაიზრდება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს დაფინანსება”, — განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.