ტექნოლოგიური მიღწევების ეპოქაში იტალიელი ნეიროქირურგი სერჟიო კანავერო და მისი გუნდი თავის გადანერგვის ოპერაციისთვის სრულ მზადყოფნას გამოთქვამენ.
მსოფლიოში ერთერთ ყველაზე გავლენიანი სამეცნიერო ჟურნალის Surgical Neurology International-ის ცნობით, ცნობილი იტალიელი ნეიროქირურგი რევოლუციურ პროექტს ამზადებს, რომლის მიხედვითაც მსგავსი ოპერაციის ჩატარება განუკურნებელი სენით დაავადებულ ადამიანებს გადაარჩენს.
კანავეროსთვის მსგავსი ოპერაციის ჩასატარებლად ერთგვარ ინსპირაციად 1970-იან წლებში მაიმუნზე ჩატარებული ანალოგიური ოპერაცია იქცა, რომელიც ნაწილობრივ წარმატებული გამოდგა. ნაწილობრივ იმიტომ, რომ მაიმუნმა ცხრა დღე იცოცხლა. ანუ მანამ სანამ ტანის იმუნურმა სისტემამ თავზე უარი თქვა.
პროექტის ავტორის თქმით, რომელმაც საკუთარ ჩანაფიქრზე პირველად 2013 წელს განაცხადა, ოპერაციისთვის პროცედურა დაიწყება პაციენტის სხეულისა და დონორის იქამდე გაყინვით, ვიდრე უჯრედები ჟანგბადის გარეშე არსებობას შეძლებენ. ამის მერე დაიწყება მეორე ეტაპი, როდესაც მოხდება მსხვილ სისხლძარღვთა და ზურგის ტვინის გამოცალკევება.
იტალიელი ნეიროქირურგის მოსაზრებით, პროცედურა სავარაუდოდ 36 საათს გაგრძელდება, პროცესში კი 100 ქირურგი იქნება ჩართული და დაახლოებით ათი მილიონი ევრო დაჯდება.
კანავეროს იდეას სკეპტიკურად უყურებს იტალიის ტურინის უნივერსიტეტის პროფესორი ლორენცო პინესი. მისი თქმით, თავის გადანერგვა უტოპიაა. კანავეროს გეგმას განხორციელება არ უწერია.