ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი მოთამაშე „ჰუმანითი ჯორჯია“ შემოდის. მედიკამენტების ძირითად ნაწილს კომპანია ინდოეთიდან შემოიტანს და მათი ფასი, ბაზარზე არსებულთან შედარებით, გაცილებით დაბალი იქნება.
აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა ქირურგი ირაკლი სამსონია.
“მედიკამენტის მწარმოებელ ქვეყანას მნიშვნელობა აქვს. მე ქირურგი ვარ და პოსტოპერაციულად მედიკამენტების დიდი ჯგუფი არ მჭირდება, ძირითადად, მხოლოდ ანტიბიოტიკები. ყურადღებას ვაქცევ მწარმოებელ ქვეყანას და ვცდილობ, გამოვიყენო ის მედიკამენტები, რომლებიც საკუთარი პრაქტიკით მაქვს გამოცდილი. ძირითადად ევროპული წარმოების პრეპარატებს ვიყენებ, მაგრამ ასევე ვერ ვიტყვი ინდური წარმოების მედიკამენტებზე, რომ არ მუშაობს, ან არ ვარგა.
რაც შეეხება კონკრეტულად „ჰუმანითი ჯორჯიას“ მიერ შემოტანილ პრეპარატებს, ზოგადად, ძნელია ახალი პრეპარატის „ჩასმა“ პრაქტიკაში, როდესაც უკვე გაქვს გამოცდილება სხვა ჯგუფის პრეპარატებზე. კატეგორიულად ვერ ვიტყვი, რომ მათი წამლები არ ვარგა, თუმცა ვცდილობ, ისეთი მედიკამენტი გამოვიყენო, რაც გამოცდილი მაქვს. წლების შემდეგ, თუ მათი პრეპარატები ნამდვილად ხარისხიანი იქნება, ნდობაც გაჩნდება”, – განაცხადა ირაკლი სამსონიამ.