შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს პარლამენტი, გავისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, 2 დღის განმავლობაში იმსჯელებენ ვაქცინაციასთან დაკავშირებულ თემებზე და მოწვეული ქვეყნების წარმომადგენლები ამ კუთხით გამოცდილებას გაუზიარებენ.
იმუნიზაციის ეროვნულმა პროგრამებმა აღმოსავლეთ ევროპაში შეამცირა ვაქცინით პრევენცირებადი დაავადებები და მათთან დაკავშირებული ინფექციური დაავადებების ტვირთი, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა სიცოცხლის ხარისხი.
ეკონომიკური პროგრესის პარალელურად, ქვეყნებს უმცირდებათ გავის, ვაქცინის ალიანსის მხარდაჭერა, რომელიც აფინანსებს დაბალი და საშუალოშემოსავლიანი ქვეყნების ვაქცინების საჭიროების უდიდეს ნაწილს. შედეგად, სახელმწიფოს მხრიდან ვაქცინაციის დამოუკიდებლად დაფინანსების ვალდებულებები იზრდება და აქტუალური ხდება იმუნიზაციის პროგრამის დაცვა.
საქართველოს, სომხეთსა და მოლდოვას – უმთვრდებათ გავის მხარდაჭერა. ამ სამი ქვეყნის წარმომადგენლები – ესწრებიან ორდღიან სამუშაო შეხვედრას რათა გაეცნონ საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას, გააზიარონ თავიანთი გამოცდილება, წარმოაჩინონ ქვეყნის ხედვა და განსაზღვრონ იმუნიზაციის კანონმდებლობის ძირითადი დებულებები.
დელეგატები შეიმუშავებენ სამოქმედო გეგმას იმუნიზაციის ეროვნული კანონმდებლობის გაუმჯობესებისათვის.
იმუნიზაციის კანონმდებლობა არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქვეყნებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ვაქცინებისა და იმუნიზაციის მომსახურების ხელმისაწვდომობაზე.
კარგად განვითარებული საკანონმდებლო გარემო განსაზღვრავს პოლიტიკურ ნებას იმუნიზაციის პრიორიტეტიზაციისათვის და აყალიბებს მკაფიო ვალდებულებებს ვაქცინაციით მაღალი მოცვისა და იმუნიზაციის პროგრამის ფინანსური მდგრადობის უზრუნველსაყოფად.