იაპონიის მთავრობის მხრიდან საქართველოსთვის არასაპროექტო გრანტის ფარგლებში გადაცემული აპარატურა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ტოშიო კაიტანისთან ერთად დაათვალიერა.
ისინი ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრს ესტუმრნენ და რეგიონული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებში განთავსებული დეფიბრილატორები ნახეს. 136 ცალი გულის რიტმის აღმდგენი მოწყობილობა სასწრაფოს გასულ წელს გადაეცა.
არასაპროექტო გრანტის ფარგლებში, აღჭურვილობა უნივერსალურ სამედიცინო ცენტრსა და ბათუმის კლინიკურ რესპუბლიკურ საავადმყოფოსაც გადაეცა. კომპიუტერული ტომოგრაფიის ულტრათანამედროვე აპარატი დაზუსტებული კვლევების ჩატარების საშუალებას იძლევა და დაავადების აღმოჩენა პირველივე სტადიაზეა შესაძლებელი.
სამედიცინო ინვენტარი დღეს იაპონიის ელჩმა საქართველოში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძულთან ერთად უნივერსალურ სამედიცინო ცენტრში დაათვალიერა. საქართველოსთვის არასაპროექტო გრანტის გამოყოფასთან დაკავშირებით შეთანხმება 2014 წლის 18 ივნისს შედგა.
იაპონიამ საქართველოში სხვადასხვა პროექტი განახორციელა, მათ შორის: საგრანტო დახმარების, ტექნიკური თანამშრომლობისა და ოფიციალური განვითარების დახმარების სახით. ჯამში 410 მლნ. აშშ დოლარზე მეტი გამოიყო სამედიცინო, ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, სოციალური სექტორის, კულტურისა და ადამიანური რესურსების განვითარების მიზნით. #ჯანდაცვა2017