ჯანდაცვის სამინისტრომ ფარმაცევტულ ბაზარზე შექმნილი პრობლემების დარეგულირების მიზნით, ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება და ბაზარზე მათი წილის გაზრდა დაასახელა.
ექსპერტთა ერთი ნაწილი იწონებს ინიციატივას დააღნიშნავს, რომ პროექტის წარმატებულად განხორციელებისთვის აუცილებელია, საზოგადოების ინფორმირება ჯენერიკების თაობაზე.ზოგიერთი კი, განმარტავს, რომ სანდოობის მიზნით, აუცილებელია სამინისტროს მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლის გამკაცრებაზეც იზრუნოს.
სულ მალე, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“ ამბიციური გეგმებით შემოვა და მომხმარებელს უახლოეს მომავალში მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, მათი პრეპარატების პირველი პარტია ხშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნება წარმოდგენილი და საქართველოში ძალიან მალე შემოვა.
მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით. ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსებიც და განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და მედიკამენტები გაიაფდება.
“ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე სულ რამდენიმე მოთამაშეა და მათ ხშირად სდებენ ბრალს ოლიგოპოლიაში, ამ ფონზე ბაზარზე ახალი მოთამაშე „ჰუმანითი ჯორჯია“ შემოდის. ეს მისასალმებელია. ახალი მოთამაშე ინდოეთიდან ჯენერიკ მედიკამენტების იმპორტირებას გეგმავს, რომლის ფასიც ბაზარზე არსებულ ფასებთან შედარებით საკმაოდ დაბალი იქნება“ – ამგვარ პროგნოზს აკეთებენ ექსპერტები და არც თუ უსაფუძვლოდ.
ახალი კომპანიის შემოსვლასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის წევრს გიორგი ფეიქრიშვილს ვესაუბრეთ და აღნიშნული ფაქტი დადებითად შეაფასა:
„ფარმაციაში არა ვარ დიდად გარკვეული, თუმცა თუ მოსახლეობისათვის რაიმე სიკეთის მომცემი იქნება „ჰუმანითი ჯორჯიას“ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე შემოსვლა, პირადად მივესალმები. მეც ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ,დეპუტატი ვარ და მოსახლეობისათვის რაც ხელსაყრელი იქნება, ჩემთვისაც ის იქნება მისაღები. შესაბამისად, თუ „ჰუმანითი ჯორჯიას“ შემოსვლა კონკურენციის პირობებში ფასებს დაწევს და მოსახლეობისათვის პრეპარატები მეტად ხელმისაწვდომი გახდება, ეს ნამდვილად, საუკეთესო გამოსავლია“.