მთავარი » ახალი ამბები » სასურსათო დანამატების სფეროში „ჰასპის“ სტანდარტი, სავარაუდოდ, ეტაპობრივად და ინდივიდუალურ რეჟიმში ამოქმედდება

სასურსათო დანამატების სფეროში „ჰასპის“ სტანდარტი, სავარაუდოდ, ეტაპობრივად და ინდივიდუალურ რეჟიმში ამოქმედდება

სურსათის ეროვნული სააგენტო მაქსიმალურად გახსნილია და თანამშრომლობს სასურსათო დანამატების მწარმოებელ და დისტრიბუტორ კომპანიებთან, რომლებსაც  „ჰასპის“ სტანდარტების დაკმაყოფილების ვალდებულება დაეკისრებათ.

ამის შესახებ jandacva.ge-ს საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტმა ლევან გოგიბერიძემ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ 1 ივნისიდან საკვები დანამატების წარმოება და რეალიზაცია „ჰასპის“ სტანდარტების ქვეშ ექცევა, თუმცა მწარმოებლები ამ ვალდებულების ამოქმედების ვადების გადაწევას ითხოვენ.

სასურსათო დანამატები, რომლებიც ბიოლოგიურად აქტიური დანამატების – ბადების სახითაა ცნობილი,  ამ დრომდე რეგულაციის მიღმაა იყო დარჩენილი. მათი ნაწილი ბაზარზე სამკურნალო საშუალებების სახით იყო დარეგისტრირებული და შესაბამისად ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს კონტროლქვეშ იყო მოქცეული. თუმცა „ჯიემპი“ სტანდარტის ამოქმედების შემდეგ, ადგილობრივმა მწარმოებლებმა თავიანთი პროდუქცია საკვებ პროდუქტებად დაარეგისტრირეს და, შესაბამისად, ისინი სურსათის სააგენტოს კონტროლის ქვეშ გადავიდა. თუმცა „ჰასპის“ სტანდარტის დასაკმაყოფილებლად, სურსათის მწარმოებლებისგან განსხვავებით, მათ საკმარისი დრო არ ჰქონდათ.

გოგიბერიძის განცხადებით, გუშინ ამ საკითხზე შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ზედამხედველის მხრიდან თანამშრომლობის სურვილი გამოჩნდა.

„შეხვედრა ორშაბათსაც იქნება, თუმცა უწყება გახსნილია და სათანამშრომლოდ მზადაა. ისინი ითხოვენ, რომ 1 ივნისიდან ამ კომპანიებმა შესაბამისი შეტყობინება გააკეთონ. დაჯარიმება კი საწყის ეტაპზე არ იქნება. რაც შეეხება რეგულაციის ამოქმედებას, საუბარია ინდივიდუალურ მიდგომასა და „ჰასპის“ ეტაპობრივ დაკმაყოფილებაზე,“ – განაცხადა ლევან გოგიბერიძემ.

მისი თქმით, საქართველოში სასურსათო დანამატების დაახლოებით 5-6 მწარმოებელია, იმპორტირებული ბაზარი კი საკმაოდ დიდია. იმპორტიორების ნაწილში, მისივე განმარტებით, პრობლემას ქმნის ის, რომ ეტიკეტზე უნდა იყოს მითითებული როგორც მწარმოებელი, ისე დისტრიბუტორი, ერთი მწარმოებლის პროდუქციას კი შესაძლოა რამდენიმე დისტრიბუტორი და რეალიზატორი ჰყავდეს.

სირთულეების მიუხედავად, ლევან გოგიბერიძე ამბობს, რომ სურსათის სააგენტო გახსნილია ბიზნესთან თანამშრომლობისთვის, რაც არის იმის საფუძველი, რომ პრობლემა მოგვარდეს.

ცნობისთვის: HACCP (Hazard Analyss and Critical Control Points System) არის საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული მეთოდი სურსათის უვნებლობის რისკის იდენტიფიკაციისა და მართვისთვის.

HACCP არის მართვის სისტემა, რომელშიც სურსათის უვნებლობის მოგვარება ხდება ნედლეულის წარმოების, შესყიდვების და დამუშავების, მზა პროდუქტის წარმოების, დისტრიბუციისა და მოხმარების ბიოლოგიური, ქიმიური და ფიზიკური საფრთხეების ანალიზისა და კონტროლის გზით. „ჰასპი“ სურსათის კუთხით ისეთსავე მკაცრ სტანდარტებს აწესებს, როგორსაც – „ჯიემპი“ ფარმაცევტულ ბაზარზე. ორივე სტანდარტის მიზანია მომხმარებლისთვის უსაფრთხო და ხარისხიანი  პროდუქციის მიწოდება.

 

იხილეთ ასევე

ნახევარ მილიარდიანი პროექტიდან დანგრევის გადაწყვეტილებამდე – როგორი იქნება ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო

რესპუბლიკური საავადმყოფოს საკითხი ბოლო წლებში დღის წესრიგში რამდენჯერმე გააქტიურდა. ყველა ჯერზე საუბარი იყო მასშტაბურ გეგმებზე, …