თბილისში, ორხევის მიმდებარე ტერიტორიაზე მაღალტექნოლოგიური და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფარმაცევტული ქარხანა აშენდება.
პროექტს საპარტნიორო ფონდი და კომპანია ჰუმანითი–ჯორჯია ერთობლივად ახორციელებენ. როგორც “ინტერპრესნიუსს” კომპანიიდან აცნობეს, საპარტნიორო ფონდსა და ჰუმანითი–ჯორჯიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება ჯამურად 130 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას ითვლისწინებს.
ჰუმანითი–ჯორჯიას დირექტორის ანდრეი კუზმას თქმით, ეს მოვლენა რამდენიმე თვალსაზრისით არის განსაკუთრებულად საინტერესო და აღსანიშნავი.
“საპარტნიორო ფონდის და ჰუმანითი–ჯორჯიას ერთობლივი ფარმაცევტული პროექტი ჩაფიქრებულია, როგორც ამიერკავკასიის მასშტაბით საუკეთესო ფარმაცევტული ქარხანა, რომელიც EU GMP სტანდარტის შესაბამისად იქნება აღჭურვილი და მოწყობილი. ქარხანაში დამზადდება სულ ცოტა 600 დასახელების წამალი, როგორც ადგილობრივი მოხმარებისთვის, ასევე საექსპორტოდ.
ძალიან მნიშვნელოვანია ის მომენტი, რომ პროექტი ითვალისწინებს EU GMP ქარხანასთან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ სერტიფიცირებული ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის შექმნას, რომელიც სერიულ კონტროლს ადგილზე მოახდენს. ასევე გათვალისწინებულია EU GDP სტანდარტის ფარმაცევტული სასაწყობო მეურნეობის მოწყობა. ეს ყველაფერი, თავის მხრივ, გარანტიაა იმისა, რომ ჩვენთან წარმოებული პრეპარატები იქნება უსაფრთხო და ხარისხიანი.
ჩვენი კომპანია ახალგაზრდაა, მაგრამ ჩვენი უპირატესობაა, რომ კომპანიის მენეჯმენტი დაკომპლექტებულია მსოფლიო გამოცდილების მქონე საუკეთესო სპეციალისტებით. კომპანიის თანამშრომელთა დიდ ნაწილს აქვს მსოფლიო ბრენდებში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება. ჰუმანითი–ჯორჯია, ეს არის დინამიურად განვითარებადი კომპანია, რომელიც ამბიციური გეგმებით შემოდის საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე. ჩვენი კომპანიის სტრატეგიაა წარმოების სრული ციკლის აწყობა და ქართულ ფარმაცევტულ ბიზნესში დამკვიდრება, როგორც ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და ხარისხიანი პრეპარატების მიმწოდებელი კომპანია”, – აცხადებს ანდრეი კუზმა.
კომპანიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქარხნის მშენებლობის პროცესში 160 ადამიანი დასაქმდება, ხოლო ქარხნის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, დასაქმებული პერსონალის რაოდენობა 440 ადამიანს გადააჭარბებს.
არსებული ინფორმაციით, ჰუმანითი–ჯორჯია უკვე აწარმოებს მედიკამენტების იმპორტს საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე და მისი პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით. ჰუმანითი–ჯორჯიას პრეპარატების ქართულ ბაზარზე რეალიზაცია შეღავათიან ფასებში იგეგმება.
ჰუმანითი–ჯორჯიას მიერ წარმოების სრული ციკლის აწყობა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხარისხის კონტროლზე ორიენტირება და უსაფრთხო და ხელმისაწვდომი მედიკამენტების იმპორტი, არის გარანტია იმისა, რომ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტები გაიაფდება საშუალოდ 30%–ით და მეტით”, – აცხადებენ ჰუმანითი–ჯორჯიაში.