მთავარი » ჯანდაცვა » ჰუმანითი ჯორჯია ალექსანდრე მაშკევიჩის პირდაპირი პროექტია
დავით საგანელიძის ინფორმაციით, ჯანდაცვის სექტორში ახლადგამოჩენილი კომპანია ჰუმანითი ჯორჯია ალექსანდრე მაშკევიჩის პირდაპირი პროექტია.

ჰუმანითი ჯორჯია ალექსანდრე მაშკევიჩის პირდაპირი პროექტია

საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარის დავით საგანელიძის ინფორმაციით, ჯანდაცვის სექტორში ახლადგამოჩენილი კომპანია ჰუმანითი ჯორჯია ალექსანდრე მაშკევიჩის პირდაპირი პროექტია.

“ძალიან ვამაყობ იმით, რომ ჰუმანითი ჯორჯია უკავშირდება ალექსანდრე მაშკევიჩის სახელს. ის არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და წარმატებული პიროვნება.

ვთქვი და გავიმეორებ, რომ, მაგალითად, ამ სამი კვირის წინ, როდესაც დავოსის ფორუმი იმართებოდა შვეიცარიაში, მაშკევიჩი ძირითად პანელზე პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გვერდით ბრძანდებოდა და წარმოადგენდა ყაზახეთის სახელმწიფოს.

მან ამ პანელზე ძალიან ბევრი სასიკეთო ბრძანა საქართველოს და ჩვენი პრემიერმინისტრის შესახებ და იქაც თქვა, რომ მზადაა, საქართველოში განახორციელოს ინვესტიციები, იმიტომ, რომ საქართველოში დღეს აბსოლუტურად დაცულია ბიზნესი. ჰუმანითი ჯორჯია ეს არის მისი პირდაპირი პროექტი საქართველოში. მისი ინიციატივით იყო ჰუმანითი ჰოლდინგი შექმნილი”, – ამბობს საგანელიძე.

საგანელიძე ბიძინა ივანიშვილის ბიზნესინტერესებს გამორიცხავს, თუმცა, ადასტურებს, რომ ექსპრემიერი და მაშკევიჩი ერთმანეთს იცნობენ. “რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი და მაშკევიჩი იცნობენ ერთმანეთს. მაშკევიჩი როდესაც ჩადის ქვეყნებში, ტრაპზე პრემიერმინისტრები ხვდებიან”, – აღნიშნავს საგანელიძე.

ჰუმანითი ჯორჯიას გენერალური დირექტორი ანდრი კუზმა კი ამბობს, რომ პროექტი საქართველოს მოსახლეობას ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტებით უზრუნველყოფს.

“ბატონი მაშკევიჩი არის იმ ფინანსური ჯგუფის ერთ-ერთი ინვესტორი, რომელიც ჰიუმანითი ჰოლდინგის მესაკუთრეა. როგორც უკვე იცით, ჰუმანითი ჯორჯია დაფუძნებულია ჰუმანითი ჰოლდინგისა და საპარტნიორო ფონდის მიერ. ჩვენი მთავარი მიზანი ამ პროექტის საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებაა. ის საქართველოს მოსახლეობას ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტებით უზრუნველყოფს.

რაც შეეხება ივანიშვილს, ამ ეტაპზე არ შემიძლია, ამ კითხვაზე გიპასუხოთ, ის ოფიციალურად არ ირიცხება ინვესტორების სიაში”, – ამბობს ჰუმანითი ჯორჯიას გენერალური დირექტორი.

ავსტრიული კომპანია ჰუმანითი ჯორჯია საქართველოს ჯანდაცვის სექტორში რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა. მან სახელმწიფო საინვესტიციო ფონდისგან $30 მილიონის დაფინანსება უკვე მიიღო. კომპანია ბაზარზე წამლების მინიმუმ 30%-ით გაიაფებას და ქვეყანაში ახალი ფარმაცევტული ქარხნის აშენებას გეგმავს.

რამდენიმე დღის წინ კი ჯანდაცვის სამინისტრომ წარადგინა, ასევე ავსტრიაში რეგისტრირებული კომპანია ალაფამედიკი, რომელმაც რესპუბლიკური, ონკოლოგიური და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოების რეაბილიტაცია უნდა განახორციელოს, ამ პროექტის თანაინვესტორიც სახელმწიფოს კუთვნილი საპარტნიორო ფონდია. როგორც ფონდის თავმჯდომარემ დავით საგანელიძემ და ჰუმანითი ჯორჯიას აღმასრულებელმა დირექტორმა დღეს განაცხადეს, ორივე ამ კომპანიის უკან მილიარდერი ალექსანდრე მაშკევიჩი დგას. მისი ქონება $1.8 მილიარდია.

tabula.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …