კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობის ფარგლებში (PPP) ჯანდაცვის სამინისტროში უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტის მიხედვით, სამი კლინიკის, ,,თბილისის ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს“, ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოსა და ,,უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“ (ყოფილი ონკოლოგიური ცენტრი) სრული რეაბილიტაცია მოხდება. ეს იქნება კერძო და საჯარო სექტორს შორის თანამშრომლობის პირველი ერთობლივი პროექტი, რომლის ღირებულება 0.5 მილიარდ ლარს შეადგენს.
პროექტის შესახებ ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, ჯონი ჯანაშია გვესაუბრება:
– ამჟამად ვმუშაობთ კონკრეტულ საკითხებზე და ეს ხანგრძლივი პროცესია. წინასწარი გათვლებით, მშენებლობა უნდა დაიწყოს 2016 წლის ბოლოსთვის. მანამდე არის მთელი რიგი საკითხები, რომლებიც სამუშაო პროცესში უნდა გადაწყდეს. ეს უფრო მეტად სწორედ ინფექციურ საავადმყოფოს ეხება. ამ ტიპის დაწესებულებას სპეციფიკური შენობა სჭირდება.
მაგალითად, ბოქსირებული განყოფილებების არსებობა, მათი განლაგება ისე, რომ ინფექციები არ გავრცელდეს და ა.შ. უნდა დაკმაყოფილდეს ყველა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმა, რომლის დაცვა ნებისმიერ ინფექციურ საავადმყოფოს მოეთხოვება. ჩვენ ურთიერთობა გვაქვს არქიტექტორებთან, მშენებლებთან და დიზაინერებთან და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში რეკომენდაციებს ვაძლევთ.
სამუშაო პროცესში ჩართულია მთელი საავადმყოფო და სპეციალისტები იმ ელემენტარული ნორმების ჩამოსაყალიბებლად, რაც საჭიროა გამართული ფუნქციონირებისთვის. ჯერჯერობით საპარტნიორო ფონდსა და ალფამედიკს შორის არ გაფორმებულა ხელშეკრულება, თუმცა იმედიანად ვართ განწყობილი ამ დიდი საქმის მიმართ. ჰოსპიტალური სექტორში დაგეგმილი 0.5 მილიარდიანი ინვესტიცია არის ისეთი მოვლენა, რითაც საქართველო არ არის განებივრებული და სურვილი იმის, რომ პროექტი დროულად დაიწყოს დიდია.
– როგორც ალფამედიკის კონსორციუმის სატენდერო მიმართულების ხელმძღვანელმა აღნიშნა, პროექტი აკმაყოფილებს ბრიტანული საავადმყოფოების სტანდარტებს. ხომ არ არის იმის საფრთხე, რომ ამ კლინიკებში სერვისებზე ხელმისაწვდომობა საშუალო ფენას გაუჭირდება?
– არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიფიქროთ ასე. ეს იქნება სახელმწიფო დაწესებულება, აქედან გამომდინარე, პაციენტები ისარგებლებენ საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში. დაზღვეული მოქალაქეებისთვის არავითარ შემთხვევაში არ იქნება გაზრდილი მომსახურების ტარიფი.
შეგახსენებთ, რომ სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტის ფარგლებში, მთავრობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში სამმა კომპანიამ შეიტანა წინადადებები, რომელთაგან გამარჯვებული ავსტრიული კომპანია ვენაში დაფუძნებული კომპანია ალფამედიკი (AlphaMedic) გახდა.