ამ ეტაპზე „ომიკრონით“ დაინფიცირებული არცერთი პაციენტის გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამასთან, გამოვლენილი შემთხვევების მიმდინარეობა მსუბუქიდან მძიმემდე ვარირებს, თუმცა ტიპიური სუნისა და გემოს დაკარგვა ნაკლებად აღინიშნება. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ცენტრის განცხადების თანახმად, ახალი შტამი აღმოჩენილია ჯანმო-ს 5 რეგიონში. 2 დეკემბრისთვის დადასტურებული შემთხვევები 27 ქვეყანაშია აღრიცხული: გაერთიანებულ სამეფოში, იტალიაში, გერმანიაში (აღირიცხა პირველი შიდა გადაცემა), ავსტრიაში, ჩეხეთი, საფრანგეთში, ნიდერლანდებში, შვედეთში, ესპანეთში, დანიაში, ბელგიაში, შოტლანდიაში, პორტუგალიაში, შვეიცარიაში, ისრაელში, კანადაში, ჰონგ კონგში, ავსტრალიაში, იაპონიაში, აშშ-ში (კალიფორნია), საუდის არაბეთში.
ახალი შტამის გამოჩენის გამო მინიმუმ 70 ქვეყანამ დააწესა გამკაცრებული რეგულაციები ან ჩაკეტა საზღვრები აფრიკის რიგი ქვეყნებიდან შემომსვლელებისთვის.
2 კვირაში სამხრეთ აფრიკაში, იმ რეგიონში, სადაც დადგენილია მუტირებული შტამი, ჰოსპიტალიზაციის სიხშირე გაიზარდა 3-ჯერ, ხოლო ტესტირების დადებითობის მაჩვენებელმა 1%-დან 10.2%-ს მიაღწია. ბოლო 24 სთ-ში ეს მაჩვენებელი 16.4%-მდე გაიზარდა. შტამის აღმოჩენას უკავშირდება დაინფიცირების რიცხვის მატება ახალგაზრდებში, 35 წლის ქვევით, განსაკუთრებით სკოლის ასაკის. თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს კოჰორტა ქვეყანაში ყველაზე ნაკლებად ვაქცინირებულია და მეტად სოციალურად აქტიური. ასევე გაზრდილია ჰოსპიტალიზაცია 20-44 ასაკობრივ ჯგუფში, ისევე როგორც 2 წლის ქვევით ბავშვებში. ახალი შტამი ქვეყანაში სექვენირებული ნიმუშების 74%-ს შეადგენს და თითქმის ჩაანაცვლა დელტა შტამი.
სიტუაცია ფასდება როგორც მაღალი რისკის მქონე. საფრთხეებს შორისაა
გადადების მომატებული უნარი;
დაინფიცირებისას კრიტიკული მიმდინარეობა;
მკვეთრად გაზრდილი რეინფიცირების შესაძლებლობა.