ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურების გამო ყოველწლიურად მსოფლიოში შვიდი მილიონი ადამიანი იღუპება.
ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ მსოფლიოში ქალაქებში მცხოვრები ადამიანების 80 პროცენტზე მეტი დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს.
დაბინძურებული ჰაერის შედეგად პრობლემებს განიცდის მსოფლიო ქვეყნების უმეტესი ნაწილის მოსახლეობა, თუმცა განსაკუთრებით მწვავედ ეს პრობლემა ღარიბ ქვეყნებში დგას. ყველაზე დაბინძურებული 30 ქალაქს შორის ინდოეთის 16 ქალაქი მოხვდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნების მსხვილი ქალაქების (რომელთა მოსახლეობის რაოდნეობა 100 ათასს აღემატება) 98 პროცენტზე მეტი არ შეესაბამება ჰაერის ხარისხის შესახებ ორგანიზაციის სტანდარტებს. მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში ასეთი ქალაქების წილი 56 პროცენტია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანზიაციის მონაცემებით, 2008-დან 2013 წლამდე მსოფლიოში ჰაერში მავნე ნივთიერებების კონცენტრაცია 8 პროცენტით გაიზარდა.
მსოფლიოში ყველაზე მეტად დაბინძურებულია ნიგერიის ქალაქი ონიტშა, სადაც ჰაერში მიკროელემენტების კონცენტრაციის დონემ ერთ კუბურ მეტრში 600 მიკროგრამი შეადგინა. მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებულ ქალაქებს შორის არიან დელი, კაირო და დაკა. უკეთესი მდგომარეობა ევროპისა და აშშ-ის ქალაქებში. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ რუკაზე ევროპული და ამერიკული ქალაქების უმეტესობა “მწვანე ზონაში” მდებარეობს.