მიუხედავად გრიპის გავრცელების კლების ტენდენციისა, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ ავადობის პრევენციისთვის კვლავ მნიშვნელოვანია გრიპთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ გრიპის გავრცელების შემთხვევები კვლავ გაგრძელდება.
“გრიპის გავრცელების თავისებურებებიდან გამომდინარე, შემთხვევები მომდევნო კვირებშიც გაგრძელდება (მე-20 კვირამდე – გრიპის სეზონის დამთავრებამდე) და დაავადების გავრცელების პრევენციისათვის კვლავ მნიშვნელოვანია გრიპთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება, როგორიცაა – გრიპის სიმპტომების გამოჩენისთანავე ექიმთან მიმართვა, დაავადებულთა თვითიზოლაცია, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ ორსულებმა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებმა, მაქსიმალურად გააქტიურონ ხელების ჰიგიენის პროცედურები, დახურულ ხალხმრავალ ადგილებში პირბადეს გამოყენება”,-აღნიშნავენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში.
ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მეექვსე კვირაში გრიპის ვირუსის მნიშვნელოვანი კლება შეინიშნება, თუმცა კვლავ არის გარდაცვალების შემთხვევებიც, რომელიც 15-მდე გაიზარდა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, ავადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 357.6 მე-4 კვირაში დაფიქსირდა , მე-5 კალენდარული კვირის მდგომარეობით, გრიპის გავრცელების ინტენსივობამ მოიკლო და ავადობის მაჩვენებელია – 310.9. ამირან გამყრელიძის განცხადებით, მეექვსე კვირის საბოლოო მონაცემები ორშაბათს შეჯამდება.