დავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის კომენტირებისას განუცხადა, გრიპის ვირუსი ლაბორატორიულად ჯერ დადასტურებული არ არის.
„ჯერჯერობით, მხოლოდ რინო-ვირუსი ცირკულირებს. გრიპის ვირუსი ლაბორატორიულად ჯერ არ გამოჩენილა. გრიპის ვირუსი ჩვენთან დეკემბერში, იანვარში ჩნდება. ახლა გრიპის ვირუსის სააწინააღმდეგოდ აქტიური იმუნიზაცია მიმდინარეობს. წელს სახელმწიფომ საპროფილაქტიკო ვაქცინების რაოდენობა გაზარდა. 20 000 დოზა ვაქცინა ვიყიდეთ, რომელიც ყველაზე დიდ რისკ ჯგუფებს უკეთდებათ, ესენია: მოხუცთა სახლებში, ბავშვთა სახლებში მყოფი ადამიანები, ექიმები, რომლებიც ინტენსიურ განყოფილებებში მუშაობენ,ასევე, დიაბეტიანი ბავშვები და სხვა. ამავე დროს, კომერციულ ქსელს აქვს გრიპის ვაქცინა. რა თქმა უნდა,გრიპის სეზონი იქნება, წელს იგივე შტამი იქნება, რაც მსოფლიოში ცირკულირებს. ყველაზე საუკეთესო საშუალება გრიპის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაციაა”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
reportiori.ge