მთავარი » მსოფლიო » გერმანია და თურქეთი ევროპის მასშტაბით რობოტული ქირურგიის ლიდერები არიან

გერმანია და თურქეთი ევროპის მასშტაბით რობოტული ქირურგიის ლიდერები არიან

ევროპის მასშტაბით რობოტული კარდიოქირურგიის დარგში გერმანიის შემდეგ მეორე ადგილზე თურქეთია. ინფორმაციას სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს. გამოცემას მოჰყავს თურქეთის გულსისხლძარღვთა ქირურგიის ასოციაციის პრეზიდენტის, პროფესორ ქიურშათ ბოზქურთის სიტყვები იმის შესახებ, რომ თურქეთის 30 წლიდან 79 წლის ასაკამდე 1000 მოქალაქიდან 15-ს საძილე არტერიების სტენოზი (შევიწროება) აღენიშნება. ამას კი ესაჭიროება კონტროლი, კვლევები და გარკვეული ჩარევა. დროებითი ან მუდმივი პარალიზების რისკის ქვეშ ქვეყანაში 600 ათასი ადამიანი დგას.

ბოზქურთის განცხადებით, კორონარული არტერიების სტენტირება კვლავ იკავებს მნიშვნელოვან ადგილს კორონარული დაავადებების მკურნალობაში.

თურქეთში ყოველწლიურად 70 ათას პაციენტს უტარდება კორონარული შუნტირება. ქვედა კიდურების თრომბს სულ უფრო ხშირად შლიან დახურული მეთოდით.

„რობოტული ქირურგია და სისხლის ხელოვნური მიმოქცევის აპარატებისა და ხელოვნური გულის შექმნა ბოლო 10 წლის განმავლობაში კარდიოქირურგიაში მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს,“ – განაცხადა პროფესორმა.

მისი თქმით, ყოველ წელს ქვეყანაში 200-ზე მეტი პაციენტი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს გულის მხარდაჭერის მექანიკური საშუალებების გამოყენებით, რომლებსაც „ხელოვნურ გულს“ უწოდებენ. ამ ეტაპზე ასეთი მოწყობილობა თურქეთში 2000-მდე მოქალაქეს აქვს ჩადგმული.

რობოტული ტექნიკის განვითარების კუთხით საქართველოში არსებულ ვითარებაზე ერთერთ კონფერენციაზე ისაუბრა  კლინიკური ონკოლოგიის საქართველოს საზოგადოების თავმჯდომარე რემა ღვამიჩავამ. მისი თქმით,  რობოტული ქირურგია არის 21-ე და 22-ე საუკუნის ქირურგია და საქართველო ამ მეთოდის დანერგვაში ფეხდაფეხ მიგყვება ამერიკულ და ევროპულ მედიცინას.

მისი თქმით, რობოტული ქირურგია იძლევა საშუალებას გაკეთდეს დიდი მასშტაბის ოპერაციები მინიმალური ჩარევით. გარდა იმისა, რომ ეს ზრდის ოპერაციის სანდოობას, ასევე მკვეთრად ამცირებს ოპერაციის შემდგომ საავადმყოფოში ყოფნის პერიოდს, შესაბამისად, მცირდება დახარჯული თანხებიც.

ღვამიჩავას განცხადებით, ეს მეთოდები უმეტესად ახალგაზრდა ქირურგებს აქვთ დახვეწილი. ისინი უცხოეთის სხვადასხვა ცენტრში იღებენ შესაბამის გამოცდილებას, რის შემდეგაც ბრუნდებიან საქართველოში და უახლეს ტექნოლოგიებს სამშობლოში ნერგავენ.

„ესაა ახალი ტექნოლოგიები და ჩვენი მოვალეობაა, მეტად ავუხსნათ საზოგადოებას. ესაა მომავლის, 21-ე, 22-ე საუკუნის ტექნოლოგიები. 23-ე საუკუნეში ალბათ არ დაგვჭირდება ოპერაციები და ისედაც მოხდება ადამიანების მკურნალობა,“ – განაცხადა რემა ღვამიჩავამ.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …