გასტრიტი კუჭის კედლის ლორწოვანი გარსის ანთებაა. კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით განარჩევენ გასტრიტის მწვავე და ქრონიკულ ფორმებს.

  • მწვავე გასტრიტად მიიჩნევენ პროცესს, რომლის დროსაც დაავადება ახლად განვითარებულია და მხოლოდ რამდენიმე დღე ან კვირა გრძელდება.
  • ქრონიკული გასტრიტს  კი ანთებითი პროცესის გახანგრძლივებული მიმდინარეობა ახასიათებს და ხშირად თვეები და წლებიც გრძელდება. (თუმცა უფრო ზუსტ ინფორმაციას დაავადების მწვავე ან ქრონიკულ მიმდინარეობაზე ისევ და ისევ კუჭის ლორწოვანის ბიოფსიური მასალის მორფოლოგიური კვლევა იძლევა).

გამომწვევი მიზეზები

მწვავე გასტრიტის განვითარება შესაძლოა მრავალმა ფაქტორმა გამოიწვიოს.
ყველაზე გავრცელებულ მიზეზთა ნუსხა კი ასეთია:

  • ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები – მარტივი ჰერპეს ვირუსისა და ციტომეგალოვირუსის ზემოქმედება, ჰელიკობაქტერიით ინფიცირება, სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები და ა.შ.
  • ზოგიერთი მედიკამენტის ხანგრძლივი მიღება – მაგალითად, ასპირინი, კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტები, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები და ა.შ.
  • ნარკოტიკული საშუალებები; 
  • ალკოჰოლის ჭარბი მიღება; 
  • თამბაქოს წევა; 
  • სტრესი (ქირურგიული ჩარევით ან რომელიმე მძიმე დაავადებით, მაგალითად, თირკმლის, ღვიძლის ან სუნთქვის უკმარისობით გამოწვეული);
  • სხივური თერაპიის გამოყენება.

 

რაც შეეხება ქრონიკულ გასტრიტს, იგი ზოგჯერ  მწვავე გასტრიტის შემდგომი განვითარების შედეგს წარმოადგენს, თუმცა ხშირად ვითარდება სხვადასხვა ფაქტორების ზეგავლენით, ეს ფაქტორებია:

  • კვების დარღვევები (მწარე და უხეში საკვების მიღება, ცხელი საკვები, ცუდად ღეჭვა და ა.შ.);
  • არასრულფასოვანი კვება (განსკუთრებით ცილის, რკინისა და ვიტამინების დეფიციტი);
  • ზოგიერთი მედიკამენტის ხანგრძლივი და უკონტროლო მიღება (სალიცილატები, ბუტადიონი, პრედნიზოლონი, ზოგიერთი ანტიბიოტიკი, სულფანილამიდები და ა.შ.)
  • დაავადებები, რომლებიც ქსოვილთა ჰიპოქსიას განაპირობებენ (სისხლის მიმოქცევის ქრონიკული უკმარისობა, პნევმოსკლეროზი, ანემია და ა.შ.);
  • საწარმოო მავნე ნივთიერებები; 
  • მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა;

დაახლოებით 75% – ში ქრონიკული გასტრიტი შერწყმულია ქრონიკულ ქოლეცისტიტთან, აპენდიციტთან და საჭმლის მომნელებელი ორგანოების სხვა დაავადებებთან.

სიმპტომები

გასტრიტის კლინიკური გამოვლინება მეტად მრავალფეროვანია და ძნელია რომელიმე ისეთი კლინიკური ნიშნის დასახელება, რომელიც მკაცრად მხოლოდ კუჭის ლორწოვანის დაზიანებასთან ასოცირდებოდეს. თუმცა, თუ პაციენტს აწუხებს – ტკივილი (მუცელსა და კუჭის საპროექციო არეში, მკერდის ძვლის მახვილისებრი მორჩის ქვემოთ), წვის შეგრძნება მუცელში (რომელიც შეიძლება იყოს ან არ იყოს ცალკეული საკვები პროდუქტების მიღებასთან კავშირში, ან ძლიერდებოდეს საკვების მიღების შემდეგ), გულძმარვა, ბოყინი (არასასიამოვნო ლაყე კვერცხის სუნით), გულის რევა  (ღებინებით ან მის გარეშე), მეტეორიზმი, წონის სწრაფი დაკლება, ფაღარათი და ა.შ., ეს უკვე საბაბია იმისთვის, რომ მან სასწრაფოდ გასტროენტეროლოგს მიმართოს.

შესაძლო გართულებები

თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა, შესაძლოა საქმე მივიდეს ისეთ გართულებებამდე, როგორიცაა: კუჭიდან სისხლდენა, კუჭის წყლული, კუჭის წყლულის პერფორაცია და ა.შ.
ქრონიკულმა გასტრიტმა შესაძლოა, კუჭის კიბოც გამოიწვიოს.

ამიტომ თუ ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომებს თან დაერთო – ძალიან ძლიერი მუცლის ტკივილი, სისხლიანი ან შავი კუპრისმაგვარი განავალი, პირნაღებ მასაში სისხლიანი ან ყავის ნალექისმაგვარი მინარევი, დაყოვნებლივ ექიმს უნდა მიმართოთ.

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკისთვის შემდეგი სახის გამოკვლევები ინიშნება:

  • სისხლის კლინიკური ანალიზი;
  • კუჭის ულტრა-ბგერითი გამოკვლევა; 
  • ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია (საყლაპავის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის კვლევის ენდოსკოპიური მეთოდი);
  • კუჭის სეკრეციის გამოკვლევა; 
  • კუჭის ლორწოვანის ბიოფსია; 
  • მუცლის ღრუს რენტგენოგრაფია (თუმცა კვლევის ეს მეთოდი შედარებით ნაკლებინფორმაციულია).

საჭიროა მოხდეს დიფერენცირება ისეთ დაავადებებთან, როგორიცაა:

  • კუჭის სიმსივნე,
  • წყლულოვანი დაავადება,
  • კუჭის პოლიპოზი და ა.შ.

მკურნალობა

გასტრიტის მკურნალობა გამომწვევ მიზეზებსა და დაავადების სიმძიმეზეა დამოკიდებული და მოიცავს:
ანტიბაქტერიალურ თერაპიას;
კუჭის მჟავიანობის დასარეგულირებელი პრეპარატების მიღებას;
პრეპარატებს, კუჭის ლორწოვან გარსის აღსადგენად;
სპეციალური დიეტის დაცვას.

პრევენცია

საბედნიეროდ, რისკ-ფაქტორთა კონტროლის გზით გასტრიტის თავიდან აცილება შესაძლებელია. ამისთვის საჭიროა:

ალკოჰოლზე, თამბაქოსა და ნარკოტიკებზე უარის თქმა;  

ზოგიერთი მედიკამენტის მიღების შეზღუდვა – მაგალითად, ასპირინი, სალიცილატები, ბუტადიონი, პრედნიზოლონი, ზოგიერთი ანტიბიოტიკი, სულფანილამიდები და  კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტები და ა.შ.

ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების დროული მკურნალობა – მაგ. მარტივი ჰერპეს ვირუსის, ციტომეგალოვირუსის და ა.შ.

კვების რეჟიმის მოწესრიგება – ცილით, რკინითა და ვიტამინებით მდიდარი საკვების მიღება; მწარე, უხეშ და ცხელ საკვებზე უარის თქმა; საკვების კარგად ღეჭვა და ა.შ.

წელიწადში ორჯერ ექიმ-გასტროენტეროლოგთან გეგმიური გამოკვლევის ჩატარება. 

rubrica.ge