ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის წინ ჯანმთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, კატარის ჯანდაცვის სამინისტრომა და ფიფამ წარმოადგინეს ახალი ციფრული აპლიკაცია, რომლის მიზანიც ახალგაზრდა მოსახლეობაში ფიზიკური აქტივობის დონის გაზრდაა.
GenMove season 1 – ესაა სათამაშო აპლიკაცია, რომელშიც გამოიყენება მოძრაობაზე დაკვირვების თანამედროვე ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები, რაც 8-დან 15 წლამდე ბავშვებს საშუალებას აძლევს, ვიდეოთამაშების დროს ენერგიულად იმოძრაონ. ეს თამაშები მოითხოვს მთელი რიგი მოძრაობების შესრულებას, რომლებიც სხვადასხვა ფიზიკურ უნარს ავითარებს.
ჯანმოს რეკომენდაციაა, რომ ბავშვები და მოზარდები ზომიერი ფიზიკური დატვირთვით დღეში საშუალოდ 60 წუთი მაინც იყვენ დაკავებულები, კვირაში სამჯერ კი კუნთებისა და ძვლების გასამაგრებელი ვარჯიშები აკეთონ. თუმცა მოზარდების 80% ამ რეკომენდაციებს არ ასრულებს და ნაკლებად მოძრავ ცხოვრების წესს მისდევს. ამას კი ძილის დროის შემცირება ემატება.
აპლიკაციის შემქმნელები იმედს გამოთქვამენ, რომ მათი პროდუქტი ბევრი ასეთი ინიციატივისთვის სტიმული იქნება და მთელ მსოფლიოში ბავშვებში ფიზიკური აქტივობის გაზრდას შეუწყობს ხელს.
ჯანმოს ხელმძღვანელის ტედროს გებრეიესუსის თქმით, რეგულარული ფიზიკური აქტივობა დიდ სარგებელს აძლევს ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას მთელი ცხოვრების განმავლობაში. აპლიკაციის შემქმნელებს იმედი აქვთ, რომ მათი ინიციატივა განსაკუთრებით სასარგებლო იქნება იმ ბავშვებისთვის, რომლებიც რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას არ მისდევენ.
აპლიკაციის პრეზენტაციაზე გამოსვლისას, კატარის ჯანდაცვის მინისტრმა ხანან მოჰამედ ალ კუვარიმ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიამ მძიმედ იმოქმედა ახალგაზრდებზე, რადგან მათ ფიზიკური აქტივობები და სასკოლო სპორტის სახეობები შეუზღუდა, ამიტომ აუცილებელია ფიზიკური აქტივობის გაზრდაში ინვესტიციების ჩადება და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება, რომლებიც ბავშვებისთვის სახალისო იქნება და მათ ფიზიკურ აქტივობასაც გააუმჯობესებს.
აპლიკაციის საშუალებით თამაში შეიძლება როგორც შენობაში, ისე სუფთა ჰაერზე. აქტიური მოძრაობისთვის ბავშვებს სჭირდებათ მხოლოდ მობილური ტელეფონი ან პლანშეტი (IOS ან Android) და მცირე სივრცე.