პაციფისტური პოსტების გამო რუსეთში ექიმებს სამსახურიდან ათავისუფლებენ. მათ შორისაა ანა ლევადნაია, მოსკოვში მცხოვრები პედიატრი, რომლის ოჯახთან ერთად უცხოეთში მოგზაურობისას რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. ომთან დაკავშირებით პედიატრმა პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც დაგმო რუსეთის აგრესია და მშვიდობას და ხალხთა შორის მეგობრობას დაუჭირა მხარი.
სამშობლოში დაბრუნებას მედიკოსი ამ დრომდე ვერ ახერხებს და ლუქსემბურგში დის ოჯახში, ბავშვებთან და მეუღლესთან ერთად იმყოფება.
„დიახ, მე გამათავისუფლეს სამსახურიდან ჩემი პაციფისტური პოსტის გამო. მე უკვე აღარ ვარ კულაკოვის სახელობის სამეცნიერო-სამედიცინო კვლევითი ცენტრის თანამშრომელი, სადაც 10,5 წელი ვიმუშავე. ასე რომ, საფრთხე მათთვის, ვინც საკუთარ აზრს გამოთქვამს, საკმაოდ რეალურია. რა თქმა უნდა, მე არ ვარ ციხეში, ჩემთვის არ გამოუწერიათ ასობით ათასი რუბლის ჯარიმა, თუმცა მაინც – გამარჯობა, 37 წელო! გამარჯობა, ხალხის მტრებო, საჯარო გაროზგვებო და კოლეგების სამარცხვინო დუმილო. მე იმდენი წამიკითხავს რეპრესიებზე, იმდენი რამ ვიცი სტალინის დროზე. მეგონა, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორია არასდროს გამეორდებოდა. მაგრამ არა. ნიურნბერგის პროცესის გარეშე შეუძლებელია ისტორიის გაკვეთილების სწავლა,“ – წერს რუსი ექიმი „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე.
ამასთან, იმედს გამოთქვამს, რომ ეს ყველაფერი დასრულდება და შეძლებს მოსკოვში დაბრუნებასა და მუშაობას.