მთავარი » ჯანდაცვა » საერთაშორისო ორგანიზაციები » გაერო-ს მოსახლეობის ფონდი 1-ელ ოქტომბერს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს
გაერო-ს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) სრულად ეთანხმება ხანდაზმულთა საერთაშორისო დღის წლევანდელ თემას - „იმოქმედე ეიჯიზმის წინააღმდეგ“.

გაერო-ს მოსახლეობის ფონდი 1-ელ ოქტომბერს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

გაერო-ს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) 1-ელ ოქტომბერს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” გაერო-ს მოსახლეობის ფონდიდან აცნობეს, მოსახლეობის დაბერება 21-ე საუკუნის ტენდენციაა, რაც საზოგადოების ერთ-ერთ აქტუალურ სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევად ითვლება, თუმცა ამავდროულად, ის საზოგადოების გამარჯვებაც არის, რადგან გულისხმობს ადამიანების ჯანმრთელობის გაუმჯობესებას და სიცოცხლის გახანგრძლივებას მთელს მსოფლიოში.

”იმისათვის, რომ ეს დემოგრაფიული ცვლილება დადებითად აისახოს მოსახლეობაზე, აუცილებელია უთანასწორობის შემცირება და ხანდაზმულ პირთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. 2015 წლისთვის გლობალურად 60 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი 12.3%-ს შეადგენდა; პროგნოზის მიხედვით, 2050 წლისთვის მათი რაოდენობა 22%-მდე გაიზრდება. ხანდაზმულთა რაოდენობის ზრდა, განსაკუთრებით, განვითარებად ქვეყნებშია მოსალოდნელი.

მოსახლეობის დაბერება შეიძლება მნიშვნელოვანი სოციალური გამოწვევების მიზეზიც გახდეს, რადგან ხანდაზმულობის ასაკში სოციალური უთანასწორობა შესამჩნევად ძლიერდება. მაგალითად, ხანდაზმული მამაკაცი საშუალოდ 68%-ით მეტ შემოსავალს იღებს, ვიდრე ქალი, რაც განპირობებულია მათი ხანგრძლივი ფორმალური დასაქმებით და უფრო მაღალი ანაზღაურებით. უთანასწორობის ეს მაგალითი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ხანდაზმულთა უმეტესობას სწორედ ქალები წარმოადგენენ.

გაერო-ს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) სრულად ეთანხმება ხანდაზმულთა საერთაშორისო დღის წლევანდელ თემას – „იმოქმედე ეიჯიზმის წინააღმდეგ“.

ჩვენ გვჯერა, რომ უთანასწორობის შემცირება ადამიანის მთელი ცხოვრების განმავლობაში და ხანდაზმული ადამიანების წვლილის დაფასება საზოგადოების განვითარების პროცესისათვის მნიშვნელოვან პერსპექტივას წარმოადგენს.

ეს ძალისხმევა იწყება უსაფრთხო მშობიარობის უზრუნველყოფით და გრძელდება ბავშვების ჯანმრთელობაზე, სრულფასოვან კვებასა და მაღალი ხარისხის განათლებაზე ზრუნვით. ამ ძალისხმევამ უნდა უზრუნველყოს სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე უნივერსალური წვდომა, გენდერული თანასწორობის დამკვიდრება, ყველა ხანდაზმულის მოცვა სოციალური დაცვითა და გარანტირებული შემოსავლებით და დოვლათის გადაცემა ახალგაზრდა თაობისთვის.

ხანდაზმული პირები ფინანსური შემოსავლის სხვადასხვა წყაროს ეყრდნობიან, მათ შორის შემოსავალს სამუშაო ადგილიდან და ქონებიდან, საპენსიო შემოსავალს, ოჯახის წევრების დახმარებასა თუ სახელმწიფო პროგრამებს. ეს ნიშნავს, რომ იმ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის დაბერება რეალობას წარმოადგენს, სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს თაობათაშორის დიალოგს და შეიმუშაოს პოლიტიკა, რომელიც გააძლიერებს ახალგაზრდებსაც და ხანდაზმულებსაც და ასევე, წაახალისებს თაობებს შორის ურთიერთდახმარებას.

გაერო-ს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ეხმარება ქვეყნებს უპასუხონ იმ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს, რაც თან სდევს მოსახლეობის დემოგრაფიულ დაბერებას. სწორედ ამ მიზნით, გაერო-ს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ხელს უწყობს დიალოგს სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ ამ სფეროში, ტრენინგებს, კვლევებსა და მონაცემების შეგროვებას.

გაერო-ს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ამჟამად განიხილავს „დაბერების შესახებ მადრიდის საერთაშორისო სამოქმედო გეგმის“ 15 წლიანი განხორციელების შედეგებს; ფონდი ეხმარება ქვეყნებს გამოცდილების გაზიარებაში, რათა ხელი შეუწყოს მოსახლეობის ჯანსაღ დაბერებას და მეტად პროდუქტიული ხანდაზმული მოსახლეობის მეორე დემოგრაფიული დივიდენდის პოტენციალის სრულ გამოყენებას.

დაბერების შესახებ პოლიტიკის ჩარჩოზე მუშაობა საქართველოში 2014 წელს, დაბერების მეინსტრიმინგის დოკუმენტის შექმნით დაიწყო. აღნიშნული დოკუმენტი მომზადდა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კოორდინირებით და გაეროს ევროპის ეკონომიური კომისიის (UNECE) და გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) დახმარებით.

გასულ წელს საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თაოსნობით მულტი-სექტორული თანამშრომლბით შემუშავდა და პარლამენტის დადგენილებით მიღებულ იქნა მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფცია და შემუშავდა განხორციელების 2-წლიანი ეროვნული სამოქმედო გეგმა, რომელიც 2016 წელს უნდა დამტკიცდეს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

„მოსახლეობის დაბერება ტრანსფორმაციულ ძალას წარმოადგენს, რაც ჩვენი ქვეყნების ეკონომიკის, ოჯახებისა და საზოგადოების არსებულ სტრუქტურებს ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს. მხოლოდ ერთობლივი ძალიხმევით არის შესაძლებელი ყველა ადამიანისათვის ღირსეული სიბერის, მთელი ცსოვრების მანძილზე მონაწილეობის, ინტეგრაციისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა“

– აღნიშნა გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელმა დირექტორმა დრ. ბაბატუნდე ოსოტიმეინმა ხანდაზმულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ განცხადებაში.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

შემოდგომის სკოლა დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენელ კლაუდია სტეინთან და ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მარიჯან ივანუშასთან ერთად გახსნა.

ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემაზე შემოდგომის სკოლა გაიხსნა

საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ბიუროს მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსს მასპინძლობს. ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის განვითარებასა …