2015 წელს მშობიარობების საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების წილმა 41,4% შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 2.5%-ით აღემატება, ხოლო 2007 წელთან შედარებით 19.2%-ითაა გაზრდილი.
საერთაშორისო ფონდ “კურაციოს” ექსპერტების შეფასებით, ეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დიზაინის დახვეწის და დაფინანსების ხარჯთ-ეფექტური მექანიზმების დანერგვის საჭიროების ერთ-ერთი კარგი მაგალითია.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიხედვით, ფიზიოლოგიური მშობიარობის ვაუჩერს სახელმწიფო 500 ლარით აფინანსებს, ხოლო საკეისრო კვეთისთვის 800 ლარი აქვს გამოყოფილი. იმ შემთხვევაში, თუ საკეისრო კვეთების მაჩვენებლის ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება, სახელმწიფოს მშობიარობისთვის გამოყოფილი დაფინანსების გაზრდა მოუწევს. ამას ისიც ემატება, რომ ქვეყანაში, ზოგადად, ქირურგიული ოპერაციების რაოდენობრივი მაჩვენებელიც იზრდება.
კერძოდ, გეგმური ქირურგიული ოპერაციების მოხმარების მაჩვენებელი 2015 წელს 2012-თან შედარებით 49%-ით არის მომატებული. ხოლო რაც შეეხება გადაუდებელ ოპერაციებს, ეს მაჩვენებელი 2014-15 წლებში სტაბილურობით ხასიათდება, თუმცა 2012-თან შედარებით ბოლო ორ წელიწადში ჩანს, რომ გადაუდებელი ოპერაციების უტილიზაცია 3-ჯერ არის მომატებული.
2016 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტით დახარჯულია 331.8 მლნ ლარი, რაც 8%-ით აჭარბებს წლის დასაწყისში დაგეგმილი ბიუჯეტის მოცულობას. თუმცა საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი წლის ბოლოსთვის ან მომავალ წელს კიდევ უფრო გაიზრდება, თუკი ოპერაციების მზარდ მაჩვენებელს დავეყრდნობით. მათ შორის, სამაგლითოა საკეისრო კვეთების მაჩვენებლები:
რატომ იზრდება საკეისრო კვეთის რაოდენობა ყოველწლიურად საქართველოში? – ამის ერთ-ერთ მიზეზად სპეციალისტები განიხილავენ ექიმებისა და კლინიკების დაინტერესებას, რომ უფრო მეტი ანაზღაურება მიიღონ სახელმწიფოსგან, ვინაიდან საკეისრო კვეთის დაფინანსება თითოეულ პაციენტთან მიმართებაში 300 ლარით აღემატება ფიზიოლოგიური მშობიარობის დაფინანსებას.
ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ თითოეული მშობიარის ხარჯების დაფინანსებისთვის დეტალურად ამოწმებენ სამშობიაროდან გაცემულ ფორმა #100-ს, სადაც კონკრეტულად უნდა იყოს გაწერილი პაციენტის სამედიცინო ისტორია და დასტურდებოდეს, რომ მშობიარეს ჯანმრთელობის პრობლემები რეალურად აქვს და ამის გამო უკეთდება საკეისრო კვეთა. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ შესული განაცხადი მკაცრ შემოწმებას 4 სხვადასხვა საფეხურზე გადის.
იმ შემთხვევაში კი, თუ მშობიარე, დამატებითი საჭიროების გარეშე, თავისი სურვილით მოითხოვს საკეისროს, ასეთ დროს მშობიარობას სახელმწიფო დააფინანსებს, როგორც ფიზიოლოგიურს, და მშობიარე თავად გადაიხდის დარჩენილ თანხას – 300 ლარს.
მედიცინის დოქტორი, ჩაჩავას კლინიკის სამეანო განყოფილების ხელმძღვანელი ზურაბ დარახველიძე საკეისრო კვეთების რაოდების ზრდის სხვა მიზეზებზეც საუბრობს. მათ შორის არის ერთხელ უკვე გაკეთებული საკეისრო კვეთა, უარყოფითი სამედიცინო დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და ექიმების არაპროფესიონალიზმი.
დარახველიძე აღნიშნავს, რომ ძველი პრაქტიკის თანახმად, განმეორებულ შემთხვევაში ჩატარებული საკეისრო კვეთების რაოდენობა 15%-ს არ აჭარბებდა, ახლა კი ეს მაჩვენებელი 30%-მდე გაიზარდა.
“თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თუ განმეორებით შემთხვევაში საკეისრო კვეთას არ ვატარებდით, დიდი იყო შანსი, რომ ნაყოფი რაიმე სახის ტრავმას იღებდა. დროთა განმავლობაში ეს მიდგომა შეიცვალა. ახლა ქალს, რომელსაც ერთხელ უკვე აქვს გაკეთებული, შემდეგ შემთხვევაშიც იგეგმება საკეისრო კვეთა,” – ამბობს ზურაბ დარახველიძე.
გაიზარდა სამედიცინო ჩვენებების რაოდენობაც. დარახველიძის თქმით, ყოველი მეორე პაციენტი სამეანო განყოფილებაში მიდის სამედიცინო დასკვნით, რომ მას თვალის, ხერხემლის ან სხვა სახის პათოლოგიები აქვს და, შესაბამისად, ფიზიოლოგიური მშობიარობა მისი ჯანმრთლობისათვის საზიანოა, ამიტომ ორსული ყოველთვის არჩევს, გაიკეთოს საკეისრო კვეთა.
თუმცა ზურაბ დარახველიძე ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად მაინც პაციენტის პირად გადაწყვეტილებას მიიჩნევს. ორსულს აქვს უფლება, თავად აირჩიოს მშობიარობის გზა შესაბამისი სამედიცინო დასკვნისა და საფრთხეების არარსებობის მიუხედავად.
“გაჩნდა ფეხმძიმეთა ნაწილი, ვისაც, დავარქვათ ასე – “მშობიარობის შიშები” აქვს და მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გაუტკივარების უნიკალური მეთოდი, მაინც ირჩევს საკეისრო კვეთას. ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ მას არ მივცეთ არჩევანის უფლება. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვურჩიოთ როგორ მოიქცეს.”
სამედიცინო ტერმინოლოგიით, ბუნებრივი გზით მშობიარობა ფიზიოლოგიური მშობიარობაა, ხოლო საკეისრო კვეთა პათოლოგიად მიიჩნევა. თუ რაიმე სხვა ფაქტორი არ ართულებს ბუნებრივ მშობიარობას, ფიზიოლოგიურად ბავშვის გაჩენას სამედიცინო სფეროში უპირატესობას ანიჭებენ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია დღემდე რეკომენდირებულ ნორმად მთლიანი ჯამის 10-15%-ს ასახელებს.
“დღეს უკვე არსებობს ისეთი საშუალებები, ბავშვი რომ დაიბადება- იქნება ეს ფილტვების გახსნა თუ სხვა გართულებები – ყველაფრის ნორმაში მოყვანაა შესაძლებელი. გადაჭრით თქმა ძნელია, მაგრამ არსებული პრაქტიკა უჩვენებს, რომ ბავშვისთვისაც და დედისთვისაც უკეთესია, თუ ფიზიოლოგიურად დაიბადება ნაყოფი,” – ამბობს ზურაბ დარახველიძე.
საკეისრო კვეთის გაკეთებისაკენ, მისი თქმით, თავად ექიმებიც ახალისებენ პაციენტებს, რათა თავიანთი არაპროფესიონალიზმი დაფარონ:
“სამეანო სივრცეში გაცილებით მეტია ის ადამიანი, რომლისთვისაც ეს ოპერაცია უფრო ადვილი ჩასატარებელია, ვიდრე ფიზიოლოგიური მშობიარობის პროცესის მართვა გართულებების შემთხვევაში. ხშირად ეს სწორედ მწირი ცოდნის, ნაკლები გამოცდილებისა და არაპროფესიონალიზმის დაფარვის შესაძლებლობა ხდება.”
ჯერ უცნობია, როგორ გამოეხმაურება ჯანდაცვის სამინისტრო ფონდ “კურაციოს” ექსპერტების რეკომენდაციას, რომ გასაახლებელია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსების სისტემა, თუნდაც მშობიარობის დაფინანსების მაგალითზე. ჯანდაცვის სამინისტროში “ნეტგაზეთის” ამ კითხვაზე პასუხი ამ დრომდე არ მოგვაწოდეს.
ჯანდაცვის სპეციალისტმა, “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის მე-6 ნომერმა აკაკი ზოიძემ “ბიზნესკურიერთან” საუბარში განაცხადა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე ხელმისაწვდომობამ მოთხოვნის ზრდაც განაპირობა და ამ დრომდე ძნელი განსასაზღვრი იყო, ზუსტად რა რადენობის ბიუჯეტი დასჭირდებოდა პროგრამას. არსებული გამოცდილება კი, მისი თქმით, სამომავლოდ იძლევა კონკრეტული ბიუჯეტის გაწერის შესაძლებლობას და, შესაბამისად, ხარჯებიც უკეთ გადანაწილდება.
netgazeti.ge