დღეს, 13 ივლისს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აჭარის რეგიონის სამედიცინო საზოგადოებას შეხვდა.
დავით სერგეენკომ 50-მდე სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელსა და სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტს სამინისტროს მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულ პროექტზე მიაწოდა ინფორმაცია და პროგრამების მიმდინარეობის შესახებ შეფასებები მათგან მოსმინა.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ჯანდაცვის მინისტრმა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაზე და მისი შემოღებისა და პრივილეგიის თავისებურებებზე გაამახვილა:
„მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა ჯანდაცვის ბიუჯეტი, ეს არ არის ის მასშტაბები, რომ ჩვენ თამამად დავფაროთ ყველა მიმართულება, ამიტომ გვიწევს საკმაოდ სკრუპულოზურად ამოვარჩიოთ პრივილეგიები.
პირველი ამოცანა იყო განგვესაზღვრა მიზნობრივი კატეგორია. გვქონდა მსჯელობა მცირე ასაკის ბავშვებზე, პენსიონერებზე, ასევე აქცენტი იყო გაკეთებული სოციალურ მდგომარეობებზე, შშმ პირებზე… ამ გამოკვლევას რამოდენიმეთვიანი ანალიზი მივუძღვენით შარშან და დავინახეთ რეალობა – პირველი ინტერვენცია უნდა მოხდეს სოციალური ნიშნით. სად უნდა გაგვეტარებინა ზღვარი? აქ უკვე ბიუჯეტიდან გამოვედით – რომ ეს პროგრამა არ იყოს მხოლოდ დაპირება, არამედ ცოცხალი და მოქმედი პროექტი.
ეს არის შედარებით მინიმალური ძალისხმევით მაქსიმალური შედეგის მიღება. ჯანდაცვაში არ არის არაფერი მეორადი, ჩვენი ამოცანაა ისეთი მიდგომები შევიმუშავოთ, როდესაც არსებული მოკრძალებული რესურსები მაქსიმალურ მოგებას მოგვცემს,“ – განაცხადა დავით სერგეენკომ.
შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრმა ადგილობრივ სამედიცინო მენეჯერებს პაციენტების მიმართ ყურადღების გამახვილება სთხოვა:
„მინდა აღვნიშნო ხარვეზები, რომლებიც ბოლო ხანებში განსაკუთრებით გამოიკვეთა. სამედიცინო დაწესებულებების მენეჯერებს მინდა გთხოვოთ, რომ ძალიან ყურადღებით გააკონტროლოთ შემდეგი საკითხები: დიაგნოზის შესაბამისობა მედიკამენტების დანიშნულებასთან და ორი ქრონიკული დაავადების ქონის შემთხვევაში სწორი სამედიცინო დანიშვნის გამოწერა. რადგან ხშირ შემთხვევაში ისინჯება ერთი დაავადება და დანიშნული მედიკამენტი არის მეორე დაავადების გამღიზიანებელი. მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის სახელმწიფო პროგრამა და სამინისტრო მას ძალიან დეტალურად აკონტროლებს.“
შეხვედრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში მიმდინარეობდა.
შეხვედრას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე, საქართველოს ჯანდაცვს მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული, ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარახველიძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.