„ფაგიო“ და სხვა პრეპარატები, რომლებსაც „ბიოქიმფარმი“ აწარმოებს, ბაზარზე უახლოეს მომავალში დაბრუნდება.
ამის შესახებ კომპანიაში აცხადებენ და განმარტავენ, რომ მათი პროდუქციის დეფიციტის მიზეზი საწარმოში განხორციელებული მოდერნიზაციის პროცესია, რომლის მიზანიც საწარმოს ევროკავშირის GMP სტანდარტთან შესაბამისობაში მოყვანაა.
„ყველა მოუთმენლად ელის ფაგიოს დაბრუნებას. ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ უამრავ შეტყობინებას, ზარს და კომენტარს. ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას და გაცნობებთ, რომ დაუღალავად ვმუშაობთ, რათა უზრუნველვყოთ ფაგიოს და სხვა პრეპარატების მოწოდების დროულად აღდგენა. ფაგების ჩვენს ისტორიულ საწარმოში, უკვე დასრულდა მოდერნიზაციის და განახლების პროცესი, ევროკავშირის GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტის მიხედვით. გავიარეთ 5 ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი: 1. შემუშავდა ფაგების ისტორიული საწარმოს მოდერნიზაციის გეგმა და პროექტი;
2. განხორციელდა საწარმოსა და ლაბორატორიების რენოვაცია ევროპული GMP სტანდარტის შესაბამისად; 3. საწარმო აღიჭურვა მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურითა და საწარმოო ხაზებით; 4. კომპანიის მაღალკვალიფიციურმა გუნდმა გაიარა ათასობით საათის მომცველი ინტენსიური სწავლება; 5. მიმდინარეობს ინტენსიური მზადება ადგილობრივ აფთიაქებსა და საერთაშორისო ბაზრებზე ფაგის პრეპარატების მიწოდების აღსადგენად.
ბოდიშს გიხდით ფაგიოსა და სხვა პრეპარატების დეფიციტის გამო შექმნილი დისკომფორტისთვის და გარწმუნებთ, რომ ჩვენი პროდუქცია უახლოეს პერიოდში გახდება ხელმისაწვდომი.
თვალყური ადევნეთ სიახლეებს! მალე დაგიბრუნდებით, კიდევ უფრო მოსახერხებელი შეფუთვითა და უნიკალური ფაგებით, ახლა უკვე ევროპული სტანდარტით ,“ – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ: „ბიოქიმფარმი“ GMP-სერტიფიკატის მიღებას დაახლოებით ერთ თვეში ელოდება. საწარმომ ინფრასტრუქტურული განახლება დაასრულა და შესაბამისი პროცედურების გავლას, სავარაუდოდ სწორედ ეს პერიოდი დასჭირდება.
როგორც რამდენიმე დღის წინ jandacva.ge-სთან საუბარში „ბიოქიმფარმის“ მენეჯერმა რატი ღოლიჯაშვილმა განაცხადა, მათ აქვთ მოლოდინი, რომ სერტიფიცირებას წარმატებით გაივლიან, რის საფუძველსაც 17 მილიონანი ინვესტიციით შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები იძლევა.
jandacva.ge